ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეთა განხილვის ტენდენციები
სახალხო დამცველმა 2015 წელსაც, წინა წლების მსგავსად, განახორციელა საერთო სასამართლოების მიერ განხილულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების ანალიზი, რაც დეტალურად არის მიმოხილული 2015 წლის საპარლამენტო ანგარიშში. ასევე, მსგავსად წინა წლებისა, ამჯერადაც ყურადღება გამახვილებულია ახალი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შემუშავების საჭიროებაზე.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებზე მიღებული სასამართლო დადგენილებების შესწავლის შედეგად გამოიკვეთა რამდენიმე დადებითი ტენდენცია, თუმცა უცვლელია ის ხარვეზებიც, რომელიც თან სდევს ადმინისტრაციული საქმისწარმოების პროცესს. საქართველოს სახალხო დამცველი, წინა საანგარიშო წლების მსგავსად, მიუთითებს, რომ ამჟამად მოქმედი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი ვერ პასუხობს კრიტერიუმებს, რომლებსაც ნორმატიული აქტი უნდა აკმაყოფილებდეს. კოდექსი შეიცავს ბუნდოვან ჩანაწერებს, სტანდარტების ნაკლებობაც უარყოფითად აისახება საერთო სასამართლოების მიერ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვის პროცესზე.
დადებითია ის ფაქტი, რომ ადმინისტრაციული პატიმრობის გამოყენება თითქმის არ ხდება. სასამართლოები აქტიურად იყენებენ სამართალდარღვევის მცირე მნიშვნელობის გამო პირის პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების შესაძლებლობას.
დადგენილებების უდიდესი ნაწილი შაბლონური სახისაა, არაა დასაბუთებული და აკმაყოფილებს მხოლოდ ფორმალური კანონიერების სტანდარტს. დადგენილებათა უმრავლესობაში ნორმის დისპოზიცია პირდაპირაა გადმოტანილი, ხოლო მოსამართლის მსჯელობა არ გვხვდება.
გადაწყვეტილებები მეტწილად გაჯერებულია მხოლოდ სამართალდარღვევის ოქმის შემდგენი პირის მიერ მიწოდებული ინფორმაციით და ხშირად, მოსამართლის დასაბუთების გარეშეა უგულებელყოფილი სავარაუდო სამართალდამრღვევ პირთა ახსნა–განმარტებები, რაც იწვევს პროცესის შეჯიბრებითობისა და დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღების უფლების დარღვევას. შესწავლილ საქმეებში გვხვდება მტკიცების ტვირთის არასწორი განმარტებისა და უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევის ფაქტებიც.
მოსამართლის მიერ საქმის მასალების გამოკვლევა, მეტწილად, პოლიციელის მიერ შედგენილი ოქმის სისწორის ფორმალური კანონიერების შემოწმებამდე დაიყვანება. სასამართლოები, როგორც წესი არ იკვლევენ, თუ რა საფუძველზე წარმოეშვა სამართალდამცავს პირის მიერ ნარკოტიკული საშუალების მოხმარების შესახებ ვარაუდი, რის გამოც საქმეში არსებული მთავარი მტკიცებულების მოპოვების კანონიერება მხედველობის მიღმა რჩება. დადგენილებებში ხშირად არ გვხვდება საქმეზე დართულ მტკიცებულებათა ნუსხა და მათზე მხოლოდ ზოგადი მითითებაა წარმოდგენილი. მხოლოდ იშვიათად აღინიშნება ნარკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის ნომერი და მისი შედგენის თარიღი.
მისასალმებელია, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა სისტემის რეფორმის ხელშემწყობმა სამთავრობო კომისიამ, რომლის საქმიანობაში საქართველოს სახალხო დამცველიც მონაწილეობს, წარმოადგინა კოდექსის ახალი პროექტი. მიუხედავად საკითხებისა, რომლებიც შემდგომ დახვეწას საჭიროებს, შემოთავაზებული პროექტი მოქმედ კოდექსზე მეტად უზრუნველყოფს ადამიანის უფლებათა დაცვას და ვიმედოვნებთ, რომ იგი კანონპროექტის სახით მალე წარედგინება საქართველოს პარლამენტს.