ადამიანის უფლებების ტრენინგი სტუდენტებისათვის კონფლიქტებით დაზარალებული რეგიონებიდან
2018 წლის 7 და 8 ივლისს სახალხო დამცველის აპარატმა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში სკოლადამთავრებული სტუდენტებისთვის ტრენინგი ჩაატარა ადამიანის უფლებებისა და მისი დაცვის მექანიზმების შესახებ.
ტრენინგის თემატიკა იყო ადამიანის უფლებების განვითარების ისტორია, ძირითადი საერთაშორისო სამართლებრივი დოკუმენტები და მათი შექმნის პროცესი, ასევე, ის საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლებიც საერთაშორისო დონეზე ახორციელებენ ადამიანის უფლებების დაცვას. განიხილეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დარღვევებზე პასუხისმგებლობის საკითხი და ამ კონტექსტში, საქართველოსთვის მნიშვნელოვანი საქმეები სხვადასხვა საერთაშორისო სასამართლოებში. ტრენინგის მნიშვნელოვანი ნაწილი სახალხო დამცველის აპარატის მანდატის, როლისა და საქმიანობის გაცნობას დაეთმო.
ტრენინგის დასასრულს საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია პირადად შეხვდა სტუდენტებს და მათგან მოისმინა ის პრობლემები და გამოწვევები, რომელიც ახალგაზრდებს ექმნებათ საშუალო და უმაღლესი განათლების მიღების პროცესში. სახალხო დამცველის აპარატი აღნიშნული საკითხების სიღრმისეულ შესწავლას გააგრძელებს და მისი მანდატის ფარგლებში შესაბამის რეაგირებას მოახდენს.