ადამიანის უფლებების საზაფხულო სკოლა სტამბულში
2015 წლის 3-9 აგვისტოს სახალხო დამცველის აპარატისა და ადამიანის უფლებათა ცენტრის ერთობლივი პროექტის ფარგლებში სტამბულში ადამიანის უფლებების საზაფხულო სკოლა გაიმართა. პროექტი დაფინანსებული და თანა-ორგანიზებული იყო ეუთოს უმცირესობათა საკითხების უმაღლესი კომისარიატის (OSCE HCNM) მიერ.
პროგრამის ფარგლებში გაიმართა სემინარები და ლექციები ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის შესახებ და მასში მონაწილეობა მიიღეს ქართველმა, ოსმა და აფხაზმა იურისტებმა, უფლებადამცველებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა.
პროგრამა ეუთოს უმცირესობათა საკითხების უმაღლესი კომისარიატის დირექტორმა ჰენრიკ ვილლადსენმა გახსნა და ორგანიზაციის სხვა წარმომადგენლებთან ერთად მის ფუნქციებსა, რეგიონში გაწეულ საქმიანობასა და საგანმანათლებლო პროექტებზე ისაუბრა.
საგანმანათლებლო თემატიკა, სხვა საკითხებთან ერთად, მოიცავდა ადამიანის უფლებების ფუნდამენტურ პრინციპებს, ტოლერანტობისა და დისკრიმინაციის შესახებ აქტუალურ საკითხებს, უმცირესობათა უფლებებს, გენდერულ თანასწორობას. ამის გარდა, უცხოელმა ექსპერტებმა ისაუბრეს ადამიანის უფლებების დაცვის მექანიზმებზე, როგორიცაა საერთაშორისო სისხლის სასამართლო და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, ხოლო ადგილობრივ დონეზე, ომბუდსმენის ინსტიტუტისა და არასამთავრობო უფლებადაცვითი ორგანიზაციების როლზე, მონაწილეებმა განიხილეს კონკრეტული მაგალითები, რაც დაეხმარებათ საკუთარ თემში ადამიანის უფლებების დარღვევის და ძალადობის ფაქტების იდენტიფიცირებაში.
აღნიშნული პროექტი სახალხო დამცველის საგანმანათლებლო ინიციატივების ნაწილია და მიზნად ისახავს როგორც ადამიანის უფლებების პოპულარიზაციას, ასევე, კონფლიქტებით დაშორიშორებულ თემებს შორის ნდობის აღდგენასა და თანამშრომლობის წახალისებას.