ადამიანის უფლებების საზაფხულო სკოლა
2015 წლის 10-16 ივლისს საქართველოს სახალხო დამცველი ადამიანის უფლებათა ცენტრთან ერთად გამართავს ადამიანის უფლებების საზაფხულო სკოლას.
ადამიანის უფლებების საზაფხულო სკოლა 7-დღიანი საგანმანათლებლო პროგრამაა, რომლის მიზანია, ახალგაზრდები საქართველოს რეგიონებიდან აღჭურვოს ადამიანის უფლებების შესახებ საბაზისო განათლებით და ადგილობრივი წამყვანი უფლებადამცველებისა და ექსპერტების გამოცდილებით.
სკოლის ფარგლებში გაიმართება ფორმალური ტრენინგები და თემატური ლექციები. მონაწილეები მიიღებენ საბაზისო ცოდნას ადამიანის უფლებების, დემოკრატიული განვითარების მნიშვნელობის, კონფლიქტის მშვიდობიანი ტრანსფორმაციისა და სამოქალაქო აქტივობის შესახებ.
პროგრამა მოიცავს ადამიანის უფლებების ფუნდამენტურ პრინციპებს, სამოქალაქო აქტივობასა და ადამიანის უფლებებს, კონფლიქტის სენსიტიურობას; ასევე სემინარებსა და დისკუსიებს. ცნობილი ქართველი უფლებადამცველები და ექსპერტები, სახალხო დამცველის ოფისის წარმომადგენლები ჩაატარებენ სემინარებს იძულებით გადაადგილებული პირების უფლებებზე, ტოლერანტობასა და დისკრიმინაციაზე. განიხილავენ კონკრეტულ მაგალითებს, რაც დაეხმარება მონაწილეებს, სრულად გაიაზრონ ადამიანის უფლებების დარღვევის და ძალადობის ფაქტები საკუთარ თემში.
სკოლაში მონაწილეობას მიიღებენ 15-20 წლის ახალგაზრდები შიდა ქართლის, სამეგრელოს, ოკუპირებული გალის და ახალგორის რაიონებიდან; ასევე უმცირესობით დასახლებული სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონებიდან.
დაინტერესებულმა პირებმა CV და ქართულ ენაზე დაწერილი სამოტივაციო წერილი 14 ივნისამდე უნდა გამოაგზავნონ მისამართზე: infohrsummerschool@gmail.com
პროექტი დაფინანსებულია ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო), ეროვნული უმცირესობების საკითხებში უმაღლესი კომისრის მიერ (OSCE HCNM).