ახალი ამბები

ადამიანის უფლებების მდგომარეობა სამეგრელო-ზემო სვანეთის გამყოფი ხაზის სოფლებში

2016 წლის 21 სექტემბერს, ზუგდიდში საქართველოს სახალხო დამცველმა ადგილობრივ არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს სამეგრელოსა და აფხაზეთის გამყოფ ხაზზე მცხოვრები მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური უფლებების მდგომარეობასა და უსაფრთხოების საკითხებზესპეციალური ანგარიში წარუდგინა და სოფელების ხურჩის ფახულანისა და წყოუშის მოსახლეობის უფლებრივი მდგომარეობა განიხილა.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელი ხურჩა გალის რაიონის სოფელ ნაბაკევს ესაზღვრება და ამ სოფელს რამდენჯერმე პირდაპირ შეეხო ქვეყანაში მიმდინარე ძალადობრივი კონფლიქტი. ხურჩა ერთადერთი ენგურს გაღმა სოფელია, რომელიც საქართველოს მიერ კონტროლდება. ქართული პოლიციის პუნქტი სოფლის დასაწყისშია განლაგებული და ეს გარემოება მოსახლეობისათვის უსაფრთხოების პრობლემებს ქმნის. ამის ნათელი მაგალითი ხურჩა-ნაბაკევის გამშვებ პუნქტზე 2016 წლის 19 მაისს 22 წლის გ.ო.-ს მკვლელობის ფაქტია. სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია, აღნიშნული საქმე მხარეთა თანამშრომლობით სწრაფად და ეფექტურად იქნას გამოძიებული და დამნაშავე პასუხისგებაში მიცემული, რაც გააძლიერებს ადგილობრივების უსაფრთხოების განცდას და მხარეთა თანამშრომლობის მნიშვნელოვან პრეცედენტს შექმნის.

ხურჩაში, ისევე როგორც გამყოფი ხაზის სხვა სოფლებში ხშირია უკანონო დაკავებები „საზღვრის უკანონო გადაკვეთის“ ბრალდებით. დაკავებულებს შორის წლების განმავლობაში იყვნენ სკოლის მოსწავლეები, სოფლის ადგილობრივი მაცხოვრებლები და გალის მოსახლეობა.

სოფელ ხურჩას მოსახლეობა 1993-1998 და 2008 წლებში საომარი მოქმედებების შედეგად მიყენებული ზიანის სრულყოფილად ანაზღაურებას ითხოვს, რაც მათ დღემდე არ მიუღიათ.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფახულანსა და წყოუშში 2013 წელს რუსმა მესაზღვრეებმა მავთულხლართები გააბეს, რის შედეგადაც სოფელ წყოუშში მდებარე რამდენიმე სახლი არაკონტროლირებად ტერიტორიაზე დარჩა. მავთულხლართები გავლებულია მოსახლეობის საკარმიდამო ნაკვეთებში, რაც უზღუდავს მათ მიწით სარგებლობის საშუალებას.

ფახულანში პრობლემად რჩება მდინარე ოლორზე ხიდის არარსებობა, რომელიც სოფლის რამდენიმე უბანს აკავშირებს ერთმანეთთან. ასევე, გასამაგრებელია მდინარე ოლორის ნაპირები, რადგან მისი ადიდებისას წყალს მიაქვს მოსახლეობის სახნავ-სათესი მიწები და მოსავალი.

სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა შესაბამის სტრუქტურებს კონფლიქტით დაზარალებულ პირთა უფლებების დასაცავად და გამყოფი ხაზის სოფლების სოციალური ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად. კონკრეტულად:

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობამ

- უზრუნველყოს სოფელ ხურჩაში ამბულატორიის რეაბილიტაცია და აღჭურვა საჭირო ინვენტარით მოწყობა;

- კიდევ ერთხელ შეისწავლოს და მიიღოს გადაწყვეტილება სოფელ ხურჩის მოსახლეობისათვის კონფლიქტებით მიყენებული ზარალის კომპენსაციის საკითხზე, უზრუნველყოს შესწავლის შედეგების შესახებ სოფელ ხურჩის მოსახლეობის სრულად ინფორმირება;

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობამ

- გამოყოს შესაბამისი სახსრები სოფელ ფახულანში მდინარე ოლორზე ხიდის რეაბილიტაციისა და მდინარის ნაპირების გასამაგრებლად;

- უზრუნველყოს სოფელ ფახულანში ამბულატორიის აშენება და მოწყობა.

საქართველოსენერგეტიკისსამინისტრომ

- შეისწავლოს ელექტრო მომარაგების საკითხი სოფელ ხურჩაში და მიიღოს შესაბამისი ზომები მოსახლეობის უსაფრთხოების დასაცავად და ელექტოენერგიით შეუზღუდავად სარგებლობის მიზნით.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ

- გააძლიეროს პატრულირება გამყოფი ხაზის სოფლების იმ ტერიტორიაზე, რომელიც ქართული საგუშაგოების მიღმა მდებარეობს (სოფელი ხურჩა, სოფელი წყოუში), განსაკუთრებით კი გამყოფი ხაზის სიახლოვეს, სადაც მოსახლეობა მომეტებული რისკის ქვეშ იმყოფება.

გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირების დროებით სამთავრობო კომისიას და მის ინდივიდუალურ წევრებს

- იმსჯელოს და დაავალოს შესაბამის წევრ სტრუქტურებს (სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო) შეისწავლონ გამყოფი ხაზის სოფლების სპეციფიკა და შეიმუშაონ კონფლიქტით დაზარალებული თემების სპეციფიკურ საჭიროებებზე და შესაძლებლობებზე მორგებული სამეწარმეო და სოფლის მეურნეობის წახალისების პროგრამები.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ, ასევე შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატმა

- არ დაიშუროს პოლიტიკური, სამართლებრივი და დიპლომატიური ძალისხმევა კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის, მათ შორის სკოლის მოსწავლეების, უსაფრთხოებისა და გადაადგილების თავისუფლების დასაცავად, რომელიც შეიძლება მოიცავდეს, როგორც მოლაპარაკებების დროს ამ საკითხის დაყენებას და საერთაშორისო თანამეგობრობის სათანადო ინფორმირებას, ისე საერთაშორისო სამართლებრივი მექანიზმების გამოყენებას.

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ

- დროულად გამოიძიოს მოქალაქე გ.ო.-ს მკვლელობის საქმე, მათ შორის აფხაზურ მხარესთან თანამშრომლობით. აღნიშნული საკითხი განხილულ იქნას არა პოლიტიკურ არამედ სამართლებრივ ჭრილში და მიღებული იქნას ყველა საჭირო ზომა დამნაშავე პირის პასუხისგებაში მიცემის მიზნით.

იხილეთ სპეციალური ანგარიშის ელექტრონული ვერსია

21.09.16



სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)