ადამიანის უფლებათა სახლის თემატური ანგარიში: უფლებადამცველთა მდგომარეობა საქართველოში - დაბრკოლებები და გამოწვევები
2020 წლის 9 დეკემბერს საქართველოს სახალხო დამცველის პირველმა მოადგილემ თამარ გვარამაძემ მონაწილეობა მიიღო ადამიანის უფლებათა სახლის მიერ გამართულ ონლაინ ღონისძიებაზე, რომელზეც საქართველოში უფლებადამცველთა მდგომარეობა განიხილეს.
„უფლებადამცველთა დღის აღნიშვნა მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა, გავიხსენოთ და დავაფასოთ ყველა ის აქტივისტი, რომელიც არაერთი დაბრკოლების მიუხედავად, თავდადებით შრომობს ქვეყანაში ადამიანის უფლებათა დაცვის მაღალი სტანდარტის დასამკვიდრებლად. უფლებადამცველთა წინაშე მდგარ გამოწვევებს საქართველოს სახალხო დამცველი ბოლო წლებში განსაკუთრებული ყურადღებით აკვირდება და არსებულ მდგომარეობას, 2018 წლიდან, საპარლამენტო ანგარიშის დამოუკიდებელ თავში აფასებს“, - განაცხადა სახალხო დამცველის პირველმა მოადგილემ.
უფლებადამცველთა დაცვის სფეროში არსებული პრობლემების გათვალისწინებით, სახალხო დამცველმა 2020 წელს შეიმუშავა მეთოდოლოგიური ხასიათის დოკუმენტი - „ადამიანის უფლებადამცველთა საკითხებზე მუშაობის სახელმძღვანელო“, რომელშიც განმარტებულია უფლებადამცველთა ცნების საერთაშორისო სტანდარტი, მათი საქმიანობის არსი და სახელმწიფოს ვალდებულებები; გამოკვეთილია ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების როლი და ფუნქციები, ასევე, სახალხო დამცველის აპარატის საქმიანობა უფლებადამცველთათვის უსაფრთხო და ხელშემწყობი გარემოს შესაქმნელად.
ონლაინ შეხვედრაზე წარმოადგინეს თემატური ანგარიში: „უფლებადამცველთა მდგომარეობა საქართველოში - დაბრკოლებები და გამოწვევები“; ასევე ისაუბრეს უფლებადამცველთა მდგომარეობაზე, მათ შორის, კოვიდ 19-ის პირობებში, დამხმარე სერვისების აუცილებლობასა და სხვა პრობლემებზე.