ადამიანის უფლებათა კვირეული რეგიონებში საინფორმაციო აქციებით სრულდება
2017 წლის 5–10 დეკემბერს ადამიანის უფლებათა კვირეულის ფარგლებში საქართველოს სახალხო დამცველის რეგიონული ოფისების თანამშრომელთა ორგანიზებით ქუთაისის, ოზურგეთის, გორის, თელავის, მარნეულის და ახალქალაქის მუნიციპალიტეტებში შეხვედრები გაიმართა.
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლებმა რეგიონების მოსახლეობასთან, საჯარო სკოლების მოსწავლეებთან, პედაგოგებთან, არასამთავრობო ორგანიზაციების და საკრებულოების წარმომადგენლებთან, სტუდენტებთან, ასევე პრობაციონერებთან ძალადობის, ნაადრევი ქორწინების, ქალთა და კონვენციით დაცული ადამიანის უფლებების, გენდერული თანასწორობის და ბავშვთა მიმართ ძალადობის საკითხებზე ისაუბრეს, სამართლებრივი მექანიზმები წარმოადგინეს, სახალხო დამცველის მანდატი, სახალხო დამცველის მიერ გაცემული რეკომენდაციები და ქვეყანაში არსებული მდგომარეობა განიხილეს.
გენდერის თემატიკაზე შექმნილი დოკუმენტური ფილმის „გოგონებს აქვთ სათქმელი“ ჩვენება და განხილვა მოეწყო ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის.
13 და 14 დეკემბერს მარნეულში, ზუგდიდში, გორში, ბათუმში, ქუთაისში, ახალქალაქში ოზურგეთში, თელავსა და მესტიაში ქუჩის აქციები გაიმართება, რომელზეც რეგიონული ოფისების წარმომადგენლები მოსახლეობას მიაწოდებენ ინფორმაციას სახალხო დამცველის მანდატის შესახებ, გადასცემენ სახალხო დამცველის აპარატის მიერ გამოცემულ თემატურ ბროშურებს.