ახალი ამბები

ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების საერთაშორისო საკოორდინაციო კომიტეტის მიერ ორგანიზებული მე-12 საერთაშორისო კონფერენცია

საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი და საქართველოს სახალხო დამცველი პირველი მოადგილე პაატა ბელთაძე მექსიკის ქალაქ მერიდაში ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების საერთაშორისო საკოორდინაციო კომიტეტის (ICC) მიერ ორგანიზებულ მე-12 საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობს. კონფერენციაზე მსოფლიოს ხუთი კონტინენტიდან 50-ზე მეტი ქვეყნის ომბუდსმენია წარმოდგენილი. კონფერენციის მონაწილეები შეიმუშავებენ მერიდას დეკლარაციას, რომელიც ომბუდსმენების განსაკუთრებულ და ახლებურ როლს გაუსვამს ხაზს ახლახან გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ მიღებული მდგრადი განვითარების მიზნების 2030 (SDG) შესრულებაში.

მდგრადი განვითარების მიზნების 15 წლიანი გეგმა ითვალისწინებს მსოფლიოს მასშტაბით სიღარიბის აღმოფხვრას, თანასწორობის დამკვიდრებას, პოლიტიკური, სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული უფლებების რეალიზაციას, სოციალური სამართლიანობის დამკვიდრებას, მთავრობების მიერ სხვადასხვა პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელებაში მოქალაქეების მონაწილეობის უზრუნველყოფას, სახელმწიფო სტრუქტურების ანგარიშვალდებულების გაზრდასა და ღია მმართველობის პრინციპების ხელშეწყობას.

ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების ფუნქცია იქნება გლობალური მნიშვნელობის ახალი სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციაზე მონიტორინგის განხორციელება და სამთავრობო სტრუქტურებს, ბიზნესს სექტორს, სამოქალაქო საზოგადოებასა და მოქალაქეებს შორის ადამიანის უფლებათა პატივისცემაზე დაფუძნებული ურთიერთობების ჩამოყალიბება.

საქართველოს სახალხო დამცველმა კონფერენციის მესამე თემატურ სესიაზე მოხსენება წარადგინა – ადამიანის უფლებათა ინსტიტუტების როლი, განხორციელების საშუალებები, საუკეთესო პრაქტიკა ათასწლეულის განვითარების მიზნებიდან. თავის გამოსვლაში უჩა ნანუაშვილმა ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებებზე, რომ მდგრადი განვითარების მიზნების შესრულება შეუძლებელია მხოლოდ მთავრობების მცდელობით და ამ პროცესში უნდა მონაწილეობდეს ყველა დაინტერესებული მხარე. ისაუბრა ომბუდსმენის ინსტიტუტების პასუხისმგებლობაზე ამ მნიშვნელოვანი ფუნქციების შესრულებისას.

„მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ მდგრადი განვითარების მიზნების რეალური შესრულება მეტწილად არის დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენად მაღალია საზოგადოების ცნობადობა ადამიანის უფლებების შესახებ, რამდენად შესწევს უნარი მოქალაქეებს აქციონ მთავრობები ანგარიშვალდებული მათ წინაშე. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება შეგვექმნა ადამიანის უფლებათა აკადემია, რომლის ერთ-ერთი ძირითადი მიზანი ადამიანის უფლებების შესახებ ფართო საგანმანათლებლო კამპანიის წარმოებაა, რაც საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებს მისცეს შესაძლებლობას უფრო ეფექტურად შეძლონ ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების რეალიზაცია“, - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.

საქართველოს სახალხო დამცველმა ასევე მიმოიხილა ბოლო ერთი წლის განმავლობაში სახალხო დამცველის ოფისის საქმიანობაში დანერგილი ახალი მიდგომები, დისკრიმინაციის აღმოფხვრის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების უფლებების დაცვის სფეროში ომბუდსმენისთვის მინიჭებული მანდატის მნიშვნელობა, ადამიანის უფლებათა სფეროში არსებული გამოწვევების იდენტიფიცირების მიზნით სპეციალური ანგარიშების მომზადების დანერგილი პრაქტიკა, მთავრობის მიერ შემუშავებული ადამიანის უფლებათა სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციაში სახალხო დამცველის მონაწილეობის პოზიტიური ასპექტები.

სახალხო დამცველმა უცხოელ კოლეგებს შესთავაზა რეგიონული ფორუმების შექმნა, რომლებიც წელიწადში ერთხელ სხვადასხვა დაინტერესებული მხარეების მონაწილეობით შეაფასებს მდგრადი განვითარების მიზნების შესრულების მდგომარეობას და დროდადრო შეიმუშავებს საჭირო რეკომენდაციების მთავრობების მისამართით.

კონფერენცია ოფიციალურად 10 ოქტომბერს მერიდას დეკლარაციის მიღებით დასრულდება.

კონფერენციის ფარგლებში უჩა ნანუაშვილმა ასევე მონაწილეობა მიიღო ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების ევროპული ქსელის მმართველი კომიტეტის სხდომაში, რომლის წევრადაც საქართველოს სახალხო დამცველი სხვა ხუთ ევროპელ ომბუდსმენთან ერთად 2013 წელს პირველად იქნა არჩეული.

3
სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)