ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების გლობალური ალიანსის თავმჯდომარის ბეატა რუდოლფის განცხადება
ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების გლობალური ალიანსის (GANHRI) თავმჯდომარე და გერმანიის ადამიანის უფლებათა ინსტიტუტის დირექტორი ბეატა რუდოლფი საქართველოს სახალხო დამცველის უჩა ნანუაშვილისათვის გამოგზავნილ წერილში ეხმიანება საქართველოს ოფიციალური პირების, მათ შორის პარლამენტის სპიკერის, დეპუტატებისა და მინისტრების მხრიდან მწვავე კრიტიკას საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის, მისი ანგარიშებისა და განცხადებების, ასევე პირადად სახალხო დამცველის, როგორც ინსტიტუტის ხელმძღვანელის მიმართ.
„როგორც ჩემთვის გახდა ცნობილი, საქართველოს ოფიციალური პირების მხრიდან სახალხო დამცველის მიმართ ხშირად ისმის კრიტიკა, რომელიც შეიცავს ბრალდებებს ტენდენციურობის, უსამართლობისა და არაკომპეტენტურობის შესახებ. მინდა ასევე აღვნიშნო, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ გამოთქმული თქვენი შეშფოთება, რომელიც ეხებოდა სახალხო დამცველის აპარატის საკონსტიტუციო გარანტიებს, დაუსაბუთებლად იქნა უგულებელყოფილი.
მე ვეთანხმები ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის ნილს მიუჟნიეკსის შეფასებას, რომელიც მან 2017 წლის 17 ნოემბერს საჯაროდ გააზიარა სოციალურ მედიაში, და რომლის მიხედვითაც, ამგვარმა საჯარო კრიტიკამ და სიტყვიერმა თავდასხმებმა შეიძლება საფრთხე შეუქმნას საზოგადოების ნდობას სახალხო დამცველის აპარატისადმი და პირადად სახალხო დამცველისადმი, და რომ ასეთი თავდასხმები დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს.
ამგვარი თავდასხმები დამოუკიდებელ სახელმწიფო ინსტიტუტზე, რომელიც ასრულებს კანონით განსაზღვრულ მოვალეობებს და იცავს ადამიანის უფლებებს, ჩვენს ორგანიზაციაში დიდ შეშფოთებას იწვევს. სახალხო დამცველის აპარატი საერთაშორისოდ არის აღიარებული გაეროს მიერ, როგორც საქართველოს ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტი, ხოლო 2007 წლიდან მას მინიჭებული აქვს A სტატუსი ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების გლობალური ალიანსის მიერ. ამ სტატუსის მინიჭება ხდება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით მიმდინარე მკაცრი აკრედიტაციის პროცესის შედეგად და ადასტურებს ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების სრულ შესაბამისობას პარიზის პრინციპებთან. პარიზის პრინციპები განსაზღვრავს იმ გარანტიებს, რაც აუცილებელია იმისათვის, რომ ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტი რეალურად დამოუკიდებელ ინსტიტუტად ჩაითვალოს.
გაეროს პარიზის პრინციპების მიხედვით, ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტებს გააჩნიათ მანდატი, სახელმწიფო ორგანოებს წარუდგინონ საკუთარი მოსაზრება „ადამიანის უფლებების დარღვევის ნებისმიერ შემთხვევაზე, რომელსაც საჭიროდ ჩათვლიან“, და მათ ეს უნდა გააკეთონ სრულიად დამოუკიდებლად, ნებისმიერი პოლიტიკური ზეწოლის, ფიზიკური დაშინების და შევიწროების გარეშე. გასაგები და მოსალოდნელია, რომ ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების ქმედებები და განცხადებები შესაძლოა შეიცავდეს მთავრობის მიმართ კრიტიკულ შეფასებებს ან არაპოპულარულ ინფორმაციას, რადგან მათი მანდატი სწორედ ადამიანის უფლებების დარღვევებზე და იმ სფეროებზე ყურადღების გამახვილებაა, სადაც ადამიანის უფლებები გაუმჯობესებას საჭიროებს.
გაეროს გენერალურმა ასამბლეამ და ასევე, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ რამდენჯერმე გაუსვეს ხაზი „ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების დამოუკიდებელი ხმის მნიშვნელობას ადამიანის უფლებების დაცვისა და ხელშეწყობის თვალსაზრისით (A / HRC / RES / 33/15 of 2016) და მათ მანდატს „უზრუნველყონ ადამიანის უფლებათა სრული დაცვა ეროვნულ დონეზე“ (A / RES / 70/163 of 2015).
ადამიანის უფლებათა საბჭო თავის რეზოლუციაში ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების შესახებ 33/15 „ადამიანის უფლებათა ეროვნულ ინსტიტუტებს მოუწოდებს, გააგრძელონ აქტიურიობა ნებისმიერი დარღვევის და ადამიანის უფლებათა შელახვის თავიდან აცილებისა და ბრძოლის საქმეში“ და ასევე „აცხადებს, რომ ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტები, მათი წევრები და თანამშრომლები არ უნდა გახდნენ რაიმე სახის შურისძიების ან დაშინების, მათ შორის პოლიტიკური ზეწოლის, ფიზიკური დაშინების, შევიწროების ან გაუმართლებელი საბიუჯეტო შეზღუდვის ობიექტები იმ ქმედებების გამო, რომლებიც გათვალისწინებულია მათი მანდატით, მათ შორის, ინდივიდუალური შემთხვევებით დაინტერესების ან ქვეყანაში არსებული სერიოზული ან სისტემატური დარღვევების დაფიქსირების გამო“.
საქართველო ამ რეზოლუციის თანაავტორია.
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი თავისი სამაგალითო საქმიანობის გამო დიდი პატივისცემით სარგებლობს ადამიანის უფლებათა ეროვნულ ინსტიტუტებსა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო თანამეგობრობაში. სახალხო დამცველის აპარატი არის ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების ევროპული ქსელის (ENNHRI) აქტიური წევრი, 2015 წლის დეკემბრიდან არჩეულია ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების ევროპული ქსელის საკოორდინაციო კომიტეტის წევრად, არის ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების ევროპული ქსელის საფინანსო კომიტეტის თავმჯდომარე და ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების გლობალური ალიანსის ბიუროს წევრი. თქვენი ხელმძღვანელობით, 2012 წლის დეკემბრიდან, აპარატმა ხელი შეუწყო მნიშვნელოვან მიღწევებს საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით, მათ შორის უნდა აღინიშნოს ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღება, გაძლიერებული ძალისხმევა წამების პრაქტიკის აღმოფხვრისათვის და გაზრდილი საბიუჯეტო დახმარება აპარატისადმი, რაც უზრუნველყოფს მის ფინანსურ დამოუკიდებლობას.
ვიცი, რომ საქართველოს პარლამენტმა ახალი სახალხო დამცველი უნდა აირჩიოს წლის დასასრულისათვის. საქართველოს პარლამენტის მიერ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღების შედეგად, სახალხო დამცველის უფლებამოსილების ვადა აღარ არის განახლებადი, თუმცა ეს რეგულაცია ძალაში შედის მომავალ წელს, რაც სახალხო დამცველის ხელახალი არჩევის შესაძლებლობას ტოვებს.
2013 წლის მაისში სახალხო დამცველის აპარატის ხელახალი აკრედიტაციის დროს, ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების გლობალური ალიანსის აკრედიტაციის ქვეკომიტეტმა (SCA) ხაზი გაუსვა მკაფიო, გამჭვირვალე და მონაწილეობითი შერჩევის პროცესის აუცილებლობას, რომელიც ხელს უწყობს სახალხო დამცველის შერჩევას დამსახურების მიხედვით, უზრუნველყოფს პლურალიზმს და აძლიერებს სახალხო დამცველის მიმართ საზოგადოების ნდობას და მის დამოუკიდებლობას.
გარდა ამისა, აკრედიტაციის ქვეკომიტეტის რეკომენდაციით, შერჩევისა და დანიშვნის პროცესი უნდა მოიცავდეს, მათ შორის ფართო კონსულტაციას ან/და მონაწილეობას. კანდიდატთა შეფასება უნდა მოხდეს წინასწარ განსაზღვრული, ობიექტური და საჯაროდ ხელმისაწვდომი კრიტერიუმების საფუძველზე; და შერჩევის დროს ყურადღება უნდა მიექცეს უფრო მეტად კანდიდატთა ინდივიდუალურ შესაძლებლობებს, ვიდრე იმ ორგანიზაციებს, რომლებსაც ისინი წარმოადგენენ.
სახალხო დამცველის აპარატის ხელახალი შემოწმება აკრედიტაციის ქვეკომიტეტის მიერ დაგეგმილია 2018 წლისთვის.
მოვუწოდებ ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს თავდასხმები და დაშინების სხვა ქმედებები, რომლებიც მიზნად ისახავს სახალხო დამცველის და მისი ინსტიტუტის დისკრედიტაციას; პატივი სცეს აპარატისა და მისი ხელმძღვანელის დამოუკიდებლობას და დაიცვას იგი სხვა სახელმწიფო დაწესებულებების მხრიდან თავდასხმებისგან.
ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების გლობალური ალიანსი, საკუთარი მანდატის ფარგლებში და ადამიანის უფლებათა ეროვნულ ინსტიტუტებთან და პარტნიორებთან თანამშრომლობით, ყურადღებით დააკვირდება ახალი სახალხო დამცველის შერჩევისა და დანიშვნის პროცესს. გლობალური ალიანსი მხარდაჭერას გიცხადებთ იმ პროცესის ადვოკატირებაში, რომელიც უზრუნველყოფს სახალხო დამცველის აპარატის დამოუკიდებლობას, ეფექტურობას, მის მიმართ საზოგადოების ნდობას და მის სრულ შესაბამისობას პარიზის პრინციპებთან.“
ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების გლობალური ალიანსი, რომელიც გაეროს ქოლგა ორგანოა, აერთიანებს 110 ადამიანის უფლებათა ეროვნულ ინსტიტუტს მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მათ შორის 78-ს გააჩნია A სტატუსის აკრედიტაცია გაეროში, რაც ადასტურებს მათ სრულ შესაბამისობას 1993 წლის გაეროს პარიზის პრინციპებთან.