ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების ევროპული ქსელისა და პარტნიორების განცხადება
ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების ევროპულმა ქსელმა და პარტნიორებმა ერთობლივი განცხადება გააკეთეს საქართველოს სახალხო დამცველის მხარდასაჭერად.
„საქართველოს სახალხო დამცველი, მისი ბოლოდროინდელი საქმიანობის გამო, პოლიტიკოსების მხრიდან არაერთი სიტყვიერი მუქარისა და თავდასხმის წინაშე აღმოჩნდა. ამ შემაშფოთებელი მოვლენების გათვალისწინებით, ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების ევროპული ქსელი (ENNHRI), თანასწორობის ორგანოების ევროპული ქსელი (Equinet), ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების გლობალური ალიანსი (GANHRI) და ომბუდსმენის საერთაშორისო ინსტიტუტი (IOI) ავრცელებენ ერთობლივ განცხადებას ინსტიტუტის მხარდასაჭერად.
ბოლოდროინდელი საქმიანობის გამო, საქართველოს ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტი, მისი თანამშრომლები და ხელმძღვანელი პირები, ასევე ექსპერტები, რომლებიც ინსტიტუტთან თანამშრომლობენ, მაღალი რანგის პოლიტიკოსების სიტყვიერი თავდასხმებისა და მუქარის სამიზნედ იქცნენ.
მედიისა და სამოქალაქო ორგანიზაციების მიერ გამოვლენილი არაერთი განცხადება შეიცავდა ინსტიტუტის დისკრედიტაციას, ექსპერტების მიმართ სამართლებრივი პასუხისმგებლობის მუქარას, თანამშრომლების მიმართ შეურაცხმყოფელ შენიშვნებს და კითხვის ნიშნებს ინსტიტუტის მანდატთან და უფლებამოსილებასთან დაკავშირებით.
ეს ქმედებები უარყოფითად აისახება სახალხო დამცველისათვის საჭირო ხელსაყრელი გარემოს უზრუნველყოფაზე, რათა მან, როგორც მრავალმანდატიანმა ინსტიტუტმა, ეფექტურად და დამოუკიდებლად შეძლოს მუშაობა. ამგვარმა საჯარო მუქარამ შეიძლება გამოიწვიოს შემდგომი თავდასხმები სხვა ჯგუფების თუ პირების მხრიდან, რაც შესაძლოა დაწესებულების პერსონალისა და ხელმძღვანელობის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით შეშფოთების საფუძვლად იქცეს. ამ ყველაფერმა კი შესაძლოა უარყოფითი გავლენა იქონიოს ინსტიტუტის საზოგადოებრივ იმიჯზე, სანდოობასა და მთლიანი მოსახლეობის ნდობაზე მის მიმართ.
ერთობლივი განცხადებით გამოვხატავთ ჩვენს მხარდაჭერას საქართველოს ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტის მიმართ და ხაზს ვუსვამთ იმ გარემოებას, რომ ბოლო დროს განვითარებული მოვლენები არღვევს რეგიონულ და საერთაშორისო სტანდარტებს, რომელთა მიხედვითაც, ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტები და მათი თანამშრომლები არ უნდა განიცდიდნენ რეპრესიებსა და დაშინებას მათი მანდატის შესაბამისად განხორციელებული საქმიანობის გამო.
მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობასა და პარლამენტს, დაიცვან მკაფიოდ განსაზღვრული საერთაშორისო პრინციპები და უზრუნველყონ საქართველოს ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტის დაცვა დაშინების, მუქარის ან ნებისმიერი იმგვარი ქმედებისგან, რამაც შეიძლება შეზღუდოს ინსტიტუტის დამოუკიდებლობა და ეფექტიანობა.
მთავრობა და პარლამენტი ვალდებული არიან არასათანადო ჩარევისა და ხელის შეშლისგან დაიცვან ინსტიტუტები, რომლებიც მონიტორინგს უწევენ სახელმწიფოს, და ახორციელებენ საქმიანობას ადამიანის უფლებების, თანასწორობის, კარგი მმართველობისა და კანონის უზენაესობის ხელშეწყობისა და დაცვის მიზნით.
ჩვენ მზად ვართ, საქართველოს ყველა შესაბამის ორგანოს მხარი დავუჭიროთ, დავეხმაროთ და შევთავაზოთ დამატებითი რეკომენდაციები ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტისათვის ხელსაყრელი გარემოს უზრუნველყოფის ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებით,“ - ნათქვამია განცხადებაში.