ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების ევროპული ქსელის (ENNHRI) ყოველწლიური კონფერენცია
2019 წლის 14 ნოემბერს საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ მონაწილეობა მიიღო ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების ევროპული ქსელის (ENNHRI) კონფერენციაში, რომელიც ბელგიის დედაქალაქ ბრუსელში გაიმართა.
სახალხო დამცველმა კონფერენციაზე დამსწრეებს საქართველოში სოციალურ-ეკონომიკური მიმართულებით არსებული ადამიანის უფლებათა მდგომარეობა გააცნო, მიმოიხილა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომი პერიოდიდან დღემდე რა ნაბიჯები იქნა გაუმჯობესების კუთხით გადადგმული და აღნიშნა, რომ ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების დონე კვლავ შეზღუდული და არასაკმარისია.
„საყურადღებო ფაქტია, რომ საქართველოს სრულად არ აქვს რატიფიცირებული ევროპის სოციალური ქარტია და მთელ რიგ მუხლებზე გაკეთებული აქვს დათქმები. გამომდინარე აქედან, სოციალურ-ეკონომიკური უფლებების კუთხით საქართველოში არსებული გამოწვევები მნიშვნელოვნად განსხვავდება ბევრი ევროპული ქვეყნისგან, რაც პირდაპირ აისახება ამ მიმართულებით სახალხო დამცველის ინსტიტუტის საქმიანობაზეც.“-განაცხადა სიტყვით გამოსვლაში ნინო ლომჯარიამ.
სახალხო დამცველმა კონფერენციაზე ისაუბრა ომბუდსმენის აქტივობასა და მანდატზე ქვეყანაში სოციალურ-ეკონომიკური უფლებების დაცვისა და მონიტორინგის მიმართულებით.
„ ოფისი რეგულარულად მუშაობს სოციალურ-ეკონომიკური უფლებების სხვადასხვა მიმართულებაზე, კერძოდ ჯანმრთელობის დაცვის, სათანადო საცხოვრებელის, სოციალური უზრუნველყოფის, მათ შორის მიზნობრივი სოციალური დახმარების და სათანადო კვების უფლებებზე. გარდა ამისა, სახალხო დამცველი სწავლობს მოწყვლადი ჯგუფების, მათ შორის ბავშვების, ხანდაზმული, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და კონფლიქტით დაზარალებული პირების, ასევე ეკომიგრანტების სოციალურ-ეკონომიკური უფლებების რეალიზაციის საკითხს. აღნიშნულ თემებზე მუშაობის პროცესში მანდატით მინიჭებული კომპეტენციის ფარგლებში ვიყენებთ, როგორც ინდივიდუალური, ასევე სისტემურად და პოლიტიკის დონეზე რეაგირების მექანიზმებს“-აღნიშნა ნინო ლომჯარიამ.
ENNHRI-ს ყოველწლიური კონფერენციის თემატიკაა „ეკონომიკური და სოციალური უფლებების (ESR) განხორციელება ევროპაში - ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების როლი“.
ბრუსელში მიმდინარე შეხვედრებს ასევე ესწრება სახალხო დამცველის პირველი მოადგილე თამარ გვარამაძე სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომელი ბექა ჯავახაძე.