ადამიანის უფლებათა დაცვის საინფორმაციო დღე რეგიონებში
2018 წლის 10 დეკემბერს ადამიანის უფლებათა დაცვის დღესთან დაკავშირებით საქართველოს სახალხო დამცველის რეგიონული ოფისების თანამშრომლებმა სხვადასხვა თემატური ხასიათის შეხვედრები გამართეს; ასევე, მონაწილეობა მიიღეს სახელმწიფო სტრუქტურებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ დაგეგმილ ღონისძიებებში.
სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა სკოლის მოსწავლეებთან, სტუდენტებთან, პედაგოგებთან, პრობაციონერებთან, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან და სამოქალაქო აქტივისტებთან გამართულ შეხვედრებზე სახალხო დამცველის მანდატზე, ბულინგზე, ქალთა მიმართ ძალადობის, ოჯახში ძალადობის, ადრეულ ასაკში ქორწინებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის თვალსაზრისით რეგიონში არსებულ სხვა გამოწვევებზე ისაუბრეს, მათი გადაჭრის გზებზე იმსჯელეს.
ამ დღესთან დაკავშირებით, საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა საქართველოს 8 ქალაქის – ზუგდიდის, ოზურგეთის, სამტრედიის, ბათუმის, ბორჯომის, გორის, რუსთავისა და თელავის ცენტრალურ უბნებში, რომლებზეც სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა მოქალაქეებს სახალხო დამცველის მანდატი განუმარტეს, საინფორმაციო ბროშურები და სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.