ახალი ამბები

ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღე – საქართველოს სახალხო დამცველისა და საქართველოს პარლამენტის ერთობლივი მიღება

2015 წლის 10 დეკემბერს, ქუთაისში, საქართველოს პარლამენტის შენობაში, ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს სახალხო დამცველმა საქართველოს პარლამენტთან ერთად, გაეროს განვითარების პროგრამისა და საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის მხარდაჭერით მიღება გამართა.

ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას სახალხო დამცველმა ხაზი გაუსვა 2015 წელს ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში განხორციელებულ პოზიტიურ ცვლილებებს, მათ შორის, საქართველოს არჩევა გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრად, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მიღება, რეფორმები მართლმსაჯულებისა და პროკურატურის სისტემაში. ომბუდსმენმა ასევე, ყურადღება გაამახვილა იმ საკითხებზე, რომლებიც კვლავ გამოწვევებად რჩება და მართალია, გარემო შეცვლილია, მაგრამ ცვლილებები არ არის საკმარისი, რომ პროცესი შეუქცევადი გახდეს.

უჩა ნანუაშვილმა გადაუჭრელ პრობლემებზე საუბრისას ყურადღება გაამახვილა მართლმსაჯულებისა და სამართლიანი სასამართლოს მოლოდინზე, მთიანი რეგიონების მოსახლეობის მძიმე სოციალურ მდგომარეობაზე, კონფლიქტური ტერიტორიებისა და გამყოფი ხაზების მაცხოვრებელთა უსაფრთხოებაზე, დევნილთა, ლტოლვილთა და უსახლკაროთა საცხოვრებელით დაკმაყოფილებაზე. ისაუბრა პატიმართა მდგომარეობაზე, გენდერულ უთანასწორობასა და ძალადობის აღმოფხვრისთვის არასაკმარის ღონისძიებებზე. სხვა მრავალ პრობლემათა შორის ომბუდსმენმა ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში სამოქალაქო განათლების მნიშვნელობაც განიხილა და ამ თვალსაზრისით სახალხო დამცველის ადამიანის უფლებათა აკადემიის ამოქმედებაზე, მის ფუნქციებზე მიზნებსა და სამომავლო შედეგებზეც ისაუბრა.

„10 დეკემბერი გვახსენებს, რომ ყველანი, ყოველდღე უნდა ვიყოთ უკომპრომისოები ადამიანის უფლებათა დარღვევის, ძალადობის, შეუწყნარებლობის, ქსენოფობიის, დევნის, დისკრიმინაციის, ფემიციდის გამოვლინებებისადმი; თითოეული ადამიანის უფლების და თავისუფლების გარეშე არ არსებობს არც უსაფრთხოება და რომ სწორედ ადამიანია უმაღლესი ღირებულება“, – განაცხადა საქართველოს სახალხო დამცველმა პარლამენტში გამოსვლისას.

თავის მისასალმებელ სიტყვაში პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა ყურადღება გაამახვილა ადამიანის უფლებათა დაცვის თვალსაზრისით საქართველოს პარლამენტის საქმიანობაზე და აღნიშნა, რომ პარლამენტი თამამ ნაბიჯებს დგამს საზოგადოებაში ადამიანის უფლებების მყარად დამკვიდრებისათვის. პარლამენტის თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა საქართველოს სახალხო დამცველს, როგორც ადამიანის უფლებათა დაცვის ფლაგმანს.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით მიმდინარე რეფორმებზე ისაუბრა. განიხილა მიმდინარე წელს პარლამენტის მიერ სახალხო დამცველის ინსტიტუციური გაძლიერებისათვის დამტკიცებული საკანონმდებლო ცვლილებები. აღნიშნა, რომ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი თვეების განმავლობაში სწავლობს სახალხო დამცველის ანგარიშს და არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობით, ახალი ფორმატით ატარებს სხდომებს, რომელშიც სახალხო დამცველთან ერთად აღმასრულებელი ხელისუფლება მონაწილეობს; სახალხო დამცველის ანგარიშზე დაყრდნობით, იღებს დადგენილებას რეკომენდაციების თაობაზე და მონიტორინგს უწევს რეკომენდაციების შესრულებას.

პარლამენტში ასევე სიტყვით გამოვიდნენ გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე საქართველოში შომბი შარპი და გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი საქართველოში საშა გრაუმანი.

აღსანიშნავია, რომ ადამიანის უფლებათა დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე საქართველოს სახალხო დამცველმა საქართველოს პარლამენტს 2016 წლის ხანდაზმულთა უფლებების დაცვის წლად გამოცხადების ინიციატივით მიმართა.

10.12.15


სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)