ახალი ამბები

ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღე – 2016

10 დეკემბერს ცივილიზებული სამყარო ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის გადაწყვეტილებით, წელს 10 დეკემბრის მთავარი გზავნილია „აიმაღლე ხმა სხვისი უფლებებისათვის დღეს“.

2016 წლის 10 დეკემბერს საქართველოს სახალხო დამცველმა დიპლომატიურ კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს 2016 წლის ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის შესახებ ანგარიში წარუდგინა.

ანგარიშში ასახულია მიმდინარე წელს ადამიანის უფლებათა სფეროში არსებული მნიშვნელოვანი მიღწევები და პრობლემები, რომელთა დაძლევის გარეშე შეუძლებელი იქნება ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის ძირითადი პრინციპების იმპლემენტაცია საქართველოში.

2016 წელს საქართველოს პენიტენციურ სისტემაში რამდენიმე პოზიტიური ცვლილება აღინიშნა, მათ შორის, სახალხო დამცველის რეკომენდაციით, საქართველოს მოქალაქეობის მქონე პირების მსგავსად, „C“ ჰეპატიტის სოფოსბუვირით მკურნალობა პენიტენციურ სისტემაში მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეებისა და მოქალაქეობის არმქონე პირებისთვისაც გახდა ხელმისაწვდომი; პენიტენციური დაწესებულებების დებულებებში შეტანილი ცვლილებებით, პატიმართა დეესკალაციის ოთახში ერთჯერადად განთავსების ვადა 72 საათამდე შემცირება. დიდი მიღწევაა საქართველოს სახალხო დამცველისა და სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრის მიერ პენიტენციურ დაწესებულებებში ფოტოგადაღების უფლების განხორციელების წესის დამტკიცება.

პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლების მხრიდან პატიმართა მიმართ სავარაუდო არასათანადო მოპყრობის შესახებ, მიმდინარე წელს სახალხო დამცველმა საქართველოს მთავარ პროკურატურას მხოლოდ ორი წინადადებით მიმართა და ორივე ფაქტი 1443 მუხლით დაკვალიფიცირება, რაც დადებით ტენდენციად უნდა ჩაითვალოს.

მიუხედავად აღნიშნულისა, პენიტენციურ დაწესებულებებში არასათანადო მოპყრობის პრევენციის კუთხით კვლავ არაერთი პრობლემა იკვეთება. მათ შორის, დაწესებულებებში არსებული კრიმინალური სუბკულტურა, არასათანადო მოპყრობის სავარაუდო ფაქტები, არადამაკმაყოფილებელი საცხოვრებელი პირობები, სამედიცინო პერსონალის მიერ გამოვლენისა და დოკუმენტირების ხარვეზები.

ისევ მწვავედ დგას პოლიციის მიერ დაკავებული პირების მიმართ არასათანადო მოპყრობის საკითხი, თუმცა სახალხო დამცველის წინადადებების, ან თავად განმცხადებელთა მიმართვის საფუძველზე დაწყებული გამოძიების უმეტესობაზე პროკურატურას პოლიციის თანამშრომლები პრაქტიკულად არ დაუკავებია.

პოზიტიური ტენდენციების მიმართულებით, განსაკუთრებული ყურადღების ღირსია ის გარემოება, რომ წლების განმავლობაში სულ უფრო იკლებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების სიხშირე.

კვლავ იკვეთება სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევის შემთხვევები. დღემდე არაა შესრულებული სახალხო დამცველის ერთ–ერთი მთავარი რეკომენდაცია სასამართლოში საქმის განაწილების ელექტრონული წესის შემოღებასთან დაკავშირებით.

2016 წელს კვლავ საგანგაშო იყო პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის ხელყოფის ფაქტები. საქართველოს მთავარ პროკურატურას ჯერ კიდევ არ დაუდგენია აღნიშნული კადრების გამავრცელებელი პირები.

რელიგიის თავისუფლების, ტოლერანტობის და თანასწორუფლებიანობის კუთხით არაერთი სისტემური პრობლემა არსებობს, რომელთა დასაძლევად სახელმწიფოს მხრიდან მიმდინარე წელსაც არ გადადგმულა ქმედითი ნაბიჯები. მათ შორის, ბარიერები რელიგიურ უმცირესობათა საკულტო თუ სხვა ტიპის ნაგებობების მშენებლობის ნებართვის გაცემაზე, სადავო რელიგიურ ნაგებობათა კუთვნილება, რელიგიურ ნიადაგზე მომხდარი შესაძლო დანაშაულებების ეფექტური გამოძიების საკითხი.

დაბალია ეროვნული უმცირესობების მონაწილეობისა და ჩართულობის მაჩვენებელი გადაწყვეტილების მიღების პროცესში. პრობლემას კვლავ წარმოადგენს სასკოლო განათლების ფარგლებში მშობლიური ენის შესწავლის საკითხი და ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში მოსახლეობის ინფორმირებულობის ხარისხი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების შესახებ.

ანგარიშში ასევე შესულია ტელეკომპანია „რუსთავი 2“–ის გარშემო მიმდინარე სასამართლო დავა.

სახელმწიფოს არ გადაუდგამს ქმედითი ნაბიჯები ლგბტ პირთა უფლებრივი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, არც სიძულვილით განპირობებული ძალადობრივი ქმედებების პრევენცია მომხდარა და ჰომოფობიური გამოვლინებებიც კვლავ გამოწვევად რჩება.

საპარლამენტო არჩევნების მონიტორინგისას არ გამოვლენილა არსებითი დარღვევები, რასაც შეეძლო გავლენა მოეხდინა კენჭისყრის საბოლოო შედეგზე, ხოლო დარღვევათა დიდი ნაწილი საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების კვალიფიკაციის ნაკლებობით იყო გამოწვეული.

დღემდე არ არის დასრულებული უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაციის პროცესი.

ქვეყანაში სათანადოდ რეალიზებული არ არის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის უფლება. მსხვილ კერძო ეკონომიკურ ინტერესებთან დაპირისპირებისას, საკითხი კულტურული მემკვიდრეობის საზიანოდ წყდება. დღემდე არ არის გამოძიებული საყდრისი–ყაჩაღიანის უძველესი ოქროს მაღაროს განადგურების რუისი–რიკოთის საავტომობილო გზის მშენებლობის პროცესში არქეოლოგიური ობიექტების განადგურების საკითხები.

არ არის შექმნილი შრომის უსაფრთხოების და შრომის პირობებზე ზედამხედველობის მექანიზმი – შრომის ინსპექცია, რომელიც მინიმუმამდე შეამცირებს სამუშაო ადგილებზე დაშავებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობას და მსგავსი შემთხვევების აღმოფხვრას შეუწყობს ხელს.

ცვლილებას საჭიროებს გარემოზე ზემოქმედების შეფასების არსებული სისტემა, რომელიც არ შეეხება საქმიანობების მნიშვნელოვან ნაწილს. ჯანსაღი გარემოს არსებობას ხელს უშლის ხმაურით დაბინძურება და მის წინააღმდეგ ეფექტიანი მექანიზმების არარსებობა.

კვლავ პრობლემად რჩება ბავშვთა დაცვა სიღარიბისა და ცხოვრების არასათანადო დონისგან, ასევე ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების დაცვა ძალადობისგან. გამოიკვეთა, რომ პასუხისმგებელი უწყებების რეაგირება ზოგ შემთხვევაში არ არის ეფექტიანი და დროული. კვლავ გამოწვევად რჩება ჩვილ ბავშვთა სიკვდილიანობის მასშტაბები.

დღემდე არ არის რატიფიცირებული „ქალთა წინააღმდეგ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის აღკვეთისა და პრევენციის შესახებ“ ევროპის საბჭოს 2011 წლის კონვენცია; არ შემუშავებულა სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძალადობის განმეორების რისკის შეფასების სისტემა და მსხვერპლის უსაფრთხოების უზრუნველმყოფი ინდივიდუალური სამოქმედო გეგმა. ქვეყანაში პრობლემად რჩება გენდერული თანასწორობის მიღწევა. კერძოდ, დაბალია ქალთა პოლიტიკური და ეკონომიკური აქტივობა. ამასთან, შემაშფოთებელია ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის მასშტაბები, განსაკუთრებულ პრობლემას ფემიციდი წარმოადგენს. გარდა ამისა, ნიშანდობლივია ადრეულ ასაკში ქორწინების მაღალი მაჩვენებლები.

მისასალმებელია, საქართველოს სახალხო დამცველის საკანონმდებლო წინადადების საფუძველზე განხორციელებული ცვლილება, რომლის მიხედვითაც 17–დან 18 წლამდე პირთა ქორწინების რეგისტრაციის წესი შეიცვალა და ქორწინებაზე ნებართვის გაცემა მხოლოდ სასამართლოს შეუძლია.

არ არის რატიფიცირებული გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის ფაკულტატური ოქმი; შშმ პირთათვის მიუწვდომელია ფიზიკური გარემო, ინფრასტრუქტურა, ტრანსპორტი თუ ინფორმაცია.

ასაკოვანი ადამიანების უმრავლესობა მძიმე სოციალურ–ეკონომიკურ პირობებში ცხოვრობს; გართულებულია მათი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაცია და შემდეგ სახელმწიფო შემწეობის დანიშვნა.

საკანონმდებლო ბაზაში სრულყოფილად არ არის განსაზღვრული უსახლკარო პირის დეფინიცია, არ არსებობს სტატისტიკური მონაცემები და შესაბამისად, ბუნდოვანია უსახლკარობის მასშტაბები; მწირია ინფრასტრუქტურული და ფინანსური რესურსები.

დასახვეწია სოციალური შემწეობის მიღების სტანდარტები და ამ სტანდარტებთან დაკავშირებით მოსახლეობის ინფორმირების სისტემა.

საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები მოსახლეობის მთავარ პრობლემას მძიმე სოციალური ყოფა და შემოსავლის წყაროს მოძიება წარმოადგენს. მათთვის კვლავ სერიოზული გამოწვევაა განათლების უფლება, ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა, გამოხატვის თავისუფლება, საკუთრების უფლება, ბავშვთა უფლებები და ქალთა მიმართ ძალადობის საკითხები.

არ არის გათვალისწინებული ეკომიგრანტების საჭიროებები, მათი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა. დღემდე აქტუალური განსჯის საგანია სამხრეთ საქართველოდან იძულებით გადასახლებულ პირთა რეპატრიაციის პოლიტიკური მნიშვნელობა; მათთვის საქართველოს მოქალაქეობის მიღება.

გამოწვევად რჩება წვევამდელთა უფლებრივი მდგომარეობა, გაწვევის პირობები.

ყოველი წლის 10 დეკემბერს ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების კუთხით საქართველოში არსებული მდგომარეობის შეჯამებას სახალხო დამცველი 2013 წლიდან ახდენს.

იხილეთ ანგარიშის ელექტრონული ვერსია

10.12.16


სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)