ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღე – 2015
10 დეკემბერს ცივილიზებული სამყარო ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დღეს 1950 წლიდან აღნიშნავს. გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის გადაწყვეტილებით, წელს 10 დეკემბრის მთავარი გზავნილია „ჩვენი უფლებები, ჩვენი თავისუფლებები, ყოველთვის“. გზავნილი უფლებებისა და თავისუფლებების მარადიული იდეის ირგვლივ ტრიალებს და იმ საქმიანობის მნიშვნელობას უსვამს ხაზს, რომელიც მათ დასაცავად და უზრუნველსაყოფად დღემდე გრძელდება.
2015 წლის 10 დეკემბერს საქართველოს სახალხო დამცველმა დიპლომატიურ კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს 2015 წლის ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის შესახებ ანგარიში წარუდგინა.
ანგარიშში ასახულია მიმდინარე წელს ადამიანის უფლებათა სფეროში არსებული მნიშვნელოვანი მიღწევები და პრობლემები, რომელთა დაძლევის გარეშე შეუძლებელი იქნება ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის ძირითადი პრინციპების იმპლემენტაცია საქართველოში.
საქართველოს სახალხო დამცველი მიმდინარე წლის მნიშვნელოვან მოვლენად გაეროს გენერალური ასამბლეის პლენარულ სხდომაზე საქართველოს ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრად არჩევის შესახებ მიღებულგადაწყვეტილებას მიიჩნევს. ამასთან, სახალხო დამცველის აზრით, მნიშვნელოვანია საქართველომ ეფექტურად შეასრულოს არა მხოლოდ გაეროს წინაშე ნაკისრი ვალდებულებები, არამედ მაქსიმალურად მიუახლოვდეს საერთაშორისო სტანდარტებს და გამოიყენოს გაეროს სისტემა ადამიანის უფლებათა დარღვევებზე რეაგირებისა და ადამიანის უფლებათა მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის.
მიმდინარე წელს ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული ინსტიტუტების ევროპული გაერთიანების გენერალური ასამბლეაზე, „A“ სტატუსის მქონე ქვეყნებმა საქართველოს სახალხო დამცველი საერთაშორისო საკოორდინაციო კომიტეტის ბიუროს სრულუფლებიან წევრად აირჩიეს; საქართველოს სახალხო დამცველი ასევე, ზედიზედ უკვე მეორედ, სამი წლის ვადით აირჩიეს ევროპული ქსელის საკოორდინაციო კომიტეტის წევრად, რომელიც პასუხისმგებელია ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული ინსტიტუტების ევროპული გაერთიანების ადმინისტრაციულ და მმართველობით საკითხებზე.
მიმდინარე წელს მართლმსაჯულების რეფორმის მესამე ტალღის ფარგლებში მნიშვნელოვანი საკანონმდებლო პაკეტი შემუშავდა, რომელშიც გათვალისწინებულ იქნა სახალხო დამცველის ერთ–ერთი მთავარი რეკომენდაცია სასამართლოში საქმის განაწილების ელექტრონული წესის შემოღებასთან დაკავშირებით. საგულისხმოა, რომ სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის კუთხით განხორციელებული ინსტიტუციონალური რეფორმის მიუხედავად, სასამართლოსადმი ნდობის გასაზრდელად ჯერ კიდევ მრავალი გამოწვევაა დასაძლევი. საანგარიშო პერიოდში განსაკუთრებით საგანგაშო იყო იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მიმდინარე მოსამართლეთა დაწინაურების გაუმჭვირვალე და ფორმალური პროცესი.
ასევე, მნიშვნელოვანი მოვლენა იყო სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის გადაწყვეტილება, მიემართა სასამართლოს წინასწარი წარმოების პირველი პალატისათვის საქართველოში, 2008 წლის აგვისტოს შეიარაღებული კონფლიქტის დროს სავარაუდოდ ჩადენილი სამხედრო და კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების გამოძიების ნებართვისათვის.
სახალხო დამცველი მიესალმება 2015 წელს პატიმრობის კოდექსში განხორციელებულ ცვლილებას, რომლის თანახმად, 2016 წლის 1 სექტემბრიდან საქართველოს სახალხო დამცველს/სპეციალურ პრევენციულ ჯგუფს პენიტენციურ დაწესებულებებში ფოტოგადაღების უფლება მიეცემა.
მიუხედავად იმისა, რომ პატიმართა წამება და არასათანადო მოპყრობის ფაქტები მთავარ გამოწვევას აღარ წარმოადგენს, წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის შესახებ მსჯავრდებულთა ათასობით საჩივარი კვლავ გამოძიების რეჟიმშია და ერთეული საქმეების გარდა, შედეგი ადამიანის უფლებათა ამ სისტემური დარღვევის ფაქტებზე არ დამდგარა. პრობლემურია დაკავებისას და დაკავების შემდგომ პოლიციის თანამშრომლების მხრიდან არაპროპორციული ძალის გამოყენება. სამწუხაროდ, ამ კუთხით არაეფექტურია საქართველოს პროკურატურის საქმიანობა და სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს უმოკლეს ვადებში დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნის აუცილებლობას, რომელიც სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების მხრიდან, მათ შორის, პენიტენციურ დაწესებულებებში, წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის ფაქტებს გამოიძიებს.
არაერთი დაპატიმრებული ყოფილი თანამდებობის პირის მიმართაც წინასწარი პატიმრობის არაჯეროვანი გამოყენება ქმნიდა სამართლის შერჩევითად გამოყენების ნიშნებს. ამ მხრივ საგულისხმოა, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პროგრესული და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე გიორგი უგულავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“.
მიმდინარე წლის განმავლობაში უზრუნველყოფილი იყო მრავალფეროვანი მედია გარემო. თუმცა, წლის ბოლოს ტელეკომპანია „რუსთავი 2“თან მიმართებაში მწვავედ დადგა სასამართლო ხელისუფლების მხრიდან გამოხატვის თავისუფლებაში გაუმართლებელი ჩარევის საკითხები.
ქვეყანაში პრობლემად რჩება გენდერული თანასწორობის მიღწევა; კერძოდ, დაბალია ქალთა პოლიტიკური და ეკონომიკური აქტივობა. ამასთან, შემაშფოთებელია ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის მასშტაბები. კვლავაც საგანგაშო და შემაშფოთებელია ბავშვთა უფლებების დაცვის მდგომარეობა, მათ შორის, ბავშვთა სიკვდილიანობისა და სიღარიბის მაღალი მაჩვენებელი. „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ კანონში არსებული ხარვეზები სახალხო დამცველს მასზე დაკისრებული ვალდებულებების ეფექტურად განხორციელების რეალურ დაბრკოლებას უქნის; გართულებულია რელიგიის თავისუფლებით სრულყოფილად სარგებლობა. ქვეყნისთვის სერიოზულ გამოწვევად რჩება დევნილთა განსახლება და სიცოცხლისათვის საშიშ გარემოში ცხოვრება; კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობისთვის კვლავ გამოწვევად რჩება დასაქმება, უსაფრთხოება და გადაადგილება. განსაკუთრებით საგანგაშოა მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლების შეზღუდვა გალის რაიონში.
ძნელად ხელმისაწვდომია ფსიქიკური დახმარების თავშესაფრების და მედიკამენტების მიღებისთვის საჭირო დოკუმენტაციის გამცემი დაწესებულებები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიმართ ძალადობის ფაქტების იდენტიფიცირება, დასაქმება და ადაპტირებული ფიზიკური გარემო. სავალალოა ხანდაზმულთა სოციალური მდგომარეობა; მოუწყობელია ინკლუზიური განათლების სისტემა. კვლავ პრობლემურია ჰომოფობიური დამოკიდებულება ლგბტ პირთა მიმართ და სიძულვილის ნიადაგზე ჩადენილი დანაშაულების დროული და ეფექტური გამოძიება.
არაერთი რეკომენდაციის მიუხედავად, სახელმწიფო დონეზე არ გადადგმულა ქმედითი ნაბიჯები შრომის უფლებების დაცვის მონიტორინგზე პასუხისმგებელი ორგანოს - შრომის ინსპექციის შესაქმნელად.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტი, რომლითაც ფარული მიყურადებისა და პერსონალური მონაცემების დაცვისათვის ახალი რეგულაციები დაწესდა (რაც უდავოდ წინგადადგმულ ნაბიჯად უნდა შეფასდეს), „ელექტორნული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში კვლავ რჩება ნორმა, რომელიც სახელმწიფო ორგანოებს მაიდენტიფიცირებელი მონაცემების კოპირების და კომუნიკაციის შინაარსის რეალურ დროში უწყვეტი მიღების უფლებას აძლევს.
დადებითად შეიძლება შეფასდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საქართველოს მოქალაქეების უჩა ნანუაშვილისა და მიხეილ შარაშიძის საკონსტიტუციო სარჩელის დაკმაყოფილება, რის შედეგადაც სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო საქართველოს საარჩევნო კოდექსის ის ნორმები, რომლებიც 73 ერთმანდატიანი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის განსაზღვრის წესს ადგენდა.
ღონისძიებაზე ევროკავშირის ელჩმა საქართველოში იანოშ ჰერმანმა ქვეყანაში ადამიანის უფლებათა დაცვის თვალსაზრისით გადადგმული ნაბიჯები მიმოიხილა. განსაკუთრებით ხაზი გაუსვა საკანონმდებლო ხარვეზების აღმოფხვრისთვის მიმდინარე პროცესს და მათ შორის, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში შეტანილ ლიბერალურ ცვლილებებს. ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაში ასახულ ასპექტებსა და ვიზალიბერალიზაციის საკითხებზე საუბრისას ხაზი გაუსვა ადამიანის უფლებათა დაცვის მაღალი სტანდარტის დამკვიდრებაში სახალხო დამცველის ინსტიტუციის მნიშვნელოვან როლს და აპარატის თანამშრომელთა პროფესიონალიზმსა და კვალიფიკაციას.
პრეზენტაციის დასრულების შემდეგ ღონისძიებაზე დამსწრე დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ანგარიშში ასახული საკითხების დეტალებით დაინტერესდნენ და სახალხო დამცველისა და სახალხო დამცველის მოადგილეებისაგან კონკრეტული პასუხები მოისმინეს.
იხილეთ ანგარიშის ელექტრონული ვერსია.