ახალი ამბები

5 ივნისი - გარემოს დაცვის მსოფლიო დღე

5 ივნისს გარემოს დაცვის მსოფლიო დღე აღინიშნება. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ 1972 წელს დაარსებული გარემოს დაცვის მსოფლიო დღე, გარემოსდაცვითი საკითხებისადმი მიძღვნილ ყველაზე მასშტაბურ გლობალურ ღონისძიებას წარმოადგენს, რომელიც მილიონობით ადამიანს აერთიანებს ჩვენი პლანეტის დაცვის მისიაში. ამ დღის აღნიშნვის მთავარი მიზანია გარემოს დაცვის საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და გამოწვევების დაძლევისთვის საჭირო ქმედებების ხელშეწყობა.

2021 წელს გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ სუფთა, ჯანსაღი და მდგრადი გარემო ადამიანის ფუნდამენტურ უფლებად აღიარა. გარემოს დაცვას ადამიანის ძირითად უფლებად აღიარებს საქართველოს კონსტიტუციაც. შესაბამისად, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი არაერთი წელია ზედამხედველობს ამ უფლების რეალიზაციას.

გარემოს დაცვის უფლების ერთ-ერთ მიმართულებას წარმოადგენს წყალზე უფლება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა აქვს ცხოვრებით სრულფასოვანი სარგებლობისა და ადამიანის უფლებების რეალიზაციისთვის. აღნიშნულის გათვალისწინებით, 2024 წელს აპარატმა პრიორიტეტულად იმუშავა წყალზე უფლების საკითხებზე. კერძოდ, ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული მიდგომებისა და საერთაშორისო სტანდარტების საფუძველზე შეიმუშავა სპეციალური მეთოდოლოგია, აპარატის წარმომადგენლებმა ვიზიტები განახორციელესსაქართველოს 5 რეგიონში და 15 მუნიციპალიტეტის 35 სოფელში. შედეგად, მომზადდა სახალხო დამცველის სპეციალური ანგარიში „წყალზე უფლების რეალიზაცია საქართველოში“.

გაწეულმა საქმიანობამ ცხადყო, რომ საქართველოში წყალზე უფლების სათანადო რეალიზაციის არაერთი გამოწვევა არსებობს. მათ შორის, პრობლემები გამოვლინდა წყალზე უფლების თითქმის ყველა კრიტერიუმთან დაკავშირებით. ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა კი ამ უფლების შინაარსზე, მათი დაცვის გარანტიებზე, სასმელი წყლის ხარისხსა და სხვა საკითხებზე მოქალაქეთა ინფორმირებულობის ნაკლებობაა. ამასთან, პრაქტიკულად უგულებელყოფილია საზოგადოების მონაწილეობის პრინციპი. არსებული გამოწვევები, როგორც საკანონმდებლო გარანტიების გაუმჯობესებას, ასევე, ცენტრალური და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მხრიდან ეფექტიანი ნაბიჯების დროულად გატარებას მოითხოვს.

გარემოს დაცვის უფლების, მათ შორის, წყალზე უფლების რეალიზაციისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ინფორმირებულ და დაინტერესებულ საზოგადოებას. აღნიშნულის გათვალისწინებით, 2025 წელს, სახალხო დამცველის აპარატი აქტიურად ატარებს საინფორმაციო შეხვედრებსა და ღონისძიებებს გარემოს დაცვის უფლებასთან დაკავშირებით, განსაკუთრებული ყურადღება კი ეთმობა, სწორედ, წყალზე უფლებას. აპარატის წარმომადგენლები აპრილისა და მაისის თვეში შეხვდნენ ქუთაისისა და ბორჯომის სკოლების მოსწავლეებს, სტუდენტებსა და დაინტერესებულ მოქალაქეებს. შეხვედრები გაიმართა ორივე ქალაქის საჯარო სკოლებში, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ღია სივრცეებში. (შეხვედრები გაეროს, ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების გლობალური ალიანსისა (GANHRI) და ნორვეგიის სამეფოს მხარდაჭერით ჩატარდა).

5 ივნისს გარემოს დაცვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებმა, გარემოს დაცვის უფლების შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, რუსთავის ცენტრალურ პარკში საინფორმაციო ღონისძიება გამართეს და დაინტერესებულ მოქალაქეებს მათი უფლებები გააცნეს.

სახალხო დამცველის აპარატი კვლავ აქტიურად გააგრძელებს გარემოს დაცვის უფლების სხვადასხვა ასპექტზე მუშაობას და თემატური კვლევებისა და გაწეული ზედამხედველობის შედეგების გათვალისწინებით, შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავებასა და მათი შესრულების ხელშეწყობას.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)