ახალი ამბები

5 ივნისი - გარემო დაცვის მსოფლიო დღე

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ინიციატივით, ყოველ წელს, 5 ივნისს გარემოს დაცვის მსოფლიო დღე აღინიშნება.

გარემოს დაცვა სახალხო დამცველის ერთ-ერთ პრიორიტეტულ საკითხს წარმოადგენს და ჩვენს მიერ იდენტიფიცირებულ პრობლემებზე ვსაუბრობთ როგორც საპარლამენტო, ასევე სპეციალურ ანგარიშებში. ამ მიმართულებით აპარატის მიერ გამოკვეთილი გამოწვევები სახელმწიფოს მხრიდან დროული და ეფექტიანი შემხვედრი ნაბიჯების გადადგმას მოითხოვს.

სახალხო დამცველი გამოწვევად მიიჩნევს მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების - ჰიდროელექტროსადგურების, ელექტროგადამცემი ხაზების, საავტომობილო გზების, ნაგავსაყრელების, საპორტო ტერმინალების განხორციელებისას გარემოსდაცვითი ინტერესების გათვალისწინებას. მნიშვნელოვანია უზრუნველყოფილი იქნას გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მოქალაქეების რეალური ჩართულობა და ამომწურავი პასუხები გაეცეს ლეგიტიმურ კითხვებს, მათ შორის პროექტების უსაფრთხოებასთან და სარგებლიანობასთან მიმართებით. სახელმწიფოს უნდა გააჩნდეს ფართო საზოგადოებრივ ნდობაზე დაფუძნებული გრძელვადიანი ენერგეტიკული პოლიტიკა და შესაბამისი სტრატეგიული დოკუმენტები, რაც ამ დრომდე არ განხორციელებულა.

გარდა ზემოაღნიშნულისა, ქვეყანაში ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით გატარებული ღონისძიებების მიუხედავად, სახალხო დამცველის შეფასებით, სუფთა ჰაერზე უფლების სრულფასოვანი რეალიზების საკითხი ჯერ კიდევ პრობლემურია. სათანადოდ კვლავ არ რეგულირდება დაბინძურება სამრეწველო სექტორიდან. პრობლემად რჩება ასევე მოსახლეობის წვდომა გამწვანებულ საჯარო სივრცეებზე.

სახალხო დამცველი აუცილებლად მიიჩნევს რაც შეიძლება დროულად შეიქმნას კომპლექსური საკანონმდებლო გარანტიები, რომელთა მიზანიც გარემოსათვის ზიანის მიყენების პრევენცია და ხოლო ზიანის არსებობისას მისი რეალური გამოსწორება იქნება. აღნიშნულის გადაუდებელ საჭიროებას მოწმობს გარემოსათვის მიყენებული ზიანთან დაკავშირებული მასშტაბური მონაცემები. სახალხო დამცველის აპარატის ხელთ არსებული ინფორმაციით, 2013-2018 წლებში[1] სხვადასხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად გარემოსათვის მიყენებულმა ზიანმა 196 796 481 ლარი შეადგინა. თუმცა სახელმწიფო უწყებებისთვის ისიც კი უცნობია საბოლოოდ ანაზღაურდა თუ არა მათ მიერ დათვლილი გარემოსათვის მიყენებული ზიანი, თუმცა უნდა ითქვას, რომ ქონებრივი ანაზღაურების შემთხვევაშიც, ეს გარემოსათვის მიყენებული ზიანის გამოსწორების გარანტს არ წარმოადგენს. ამდენად, არასაკმარისი და არაეფექტიანია თავად გარემოსათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების სფეროში მოქმედი საკანონმდებლო გარანტიები.

ყოველივეს გათვალისწინებით, სახალხო დამცველი მოუწოდებს ყველა პასუხისმგებელ უწყებას დროულად დაგეგმონ და განახორციელონ ქვეყანაში გარემოს დაცვის უფლების სრულფასოვნად, ყველა ასპექტის რეალიზაციისათვის სათანადო ღონისძიებები. ამასთან, მნიშვნელოვანია თითოეულმა მოქალაქემ თუ კომპანიამ გაიაზროს საკუთარი პასუხისმგებლობა გარემოს წინაშე და თავის წვლილი შეიტანოს გარემოს მდგარდი განვითარების სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან პროცესში.


[1] გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისა და სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების მქონე და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეების ფარგლებში დათვლილი ზიანი.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)