32 საათზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც ა.ბ. დაკავებულია „ლიკანისა“ და „კოკა–კოლის“ გადაჭრილი ბოთლების აღმოჩენის გამო
საქართველოს სახალხო დამცველი გმობს სამართალდამცავი ორგანოების მიერ მოქალაქის უკანონო დაკავების ფაქტს. 23 თებერვლის დილის 5:42 საათზე სამართალდამცავებმა უსაფუძვლოდ და უკანონოდ დააკავეს მოქალაქე ა.ბ., რომელიც ამ დრომდე არის თავისუფლებააღკვეთილი.
არაერთი მომართვის მიუხედავად, შესაძლო უკანონო დაკავების ფაქტებზე, რთულდებოდა და ხშირ შემთხვევაში შეუძლებელი იყო დაკავებულ პირთა მიმართ სამართალდამცავების მიერ განხორციელებული მნიშვნელოვანი კანონდარღვევების დადგენა. თუმცა, გუშინ, ღამის საათებში, მოქალაქის მომართვის საფუძველზე, საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებულის ადგილზე გამოცხადების შედეგად, ჩხრეკა–ამოღებისა და დაკავების პროცესის უშუალო მონიტორინგმა ცხადყო, რომ ადამიანის თავისუფლების უფლებაში უპრეცედენტო ინტენსივობის უხეში ჩარევა სრულიად უსაფუძვლოდ განხორციელდა.
მოქალაქე ა.ბ.–ს დაკავების საფუძველი გახდა საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას სამართალდამცავი პირების მიერ ამოღებული კოკა–კოლასა ერთი გადაჭრილი ხუფიანი ბოთლი, მასზე არსებული ნამწვით; „ლიკანის“ გადაჭრილი ხუფიანი ბოთლი, „კალკის ნაჭრით“ და 6 ცალი შპრიცი ხუფითა და ნემსებით. ამ ნივთების საფუძველზე დააკავეს ა.ბ. ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა–შენახვის ბრალდებით, რისთვისაც კანონი ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საყურადღებოა, რომ გადაუდებელი აუცილებლობის ფარგლებში ჩხრეკის საფუძველი იყო სავარაუდოდ ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა–შენახვა. თუმცა, ზემოხსენებული ნივთების გარდა, თავად ჩხრეკის ოქმის თანახმად, ცეცხლსასროლი იარაღი ან სხვა რაიმე კანონსაწინააღმდეგო ნივთი ვერ აღმოჩნდა.
დაკავების ოქმის მიხედვით, ა.ბ.–ს დაკავების საფუძვლად მითითებულია: 1. პირს წაასწრეს დანაშაულის ჩადენისას ან ჩადენისთანავე; 2. პირზე, მასთან ან მის ტანსაცმელზე აღმოჩნდა ჩადენილი დანაშაულის აშკარა კვალი; 3. პირი შესაძლოა მიიმალოს.
არცერთი საფუძველი არ არსებობდა ა.ბ.–ს დაკავებისას, რამდენადაც თავად ჩხრეკის ოქმების თანახმად, 1. როდესაც აკავებდნენ, არ ჩადიოდა დანაშაულს; 2. სახეზე არ იყო დანაშაულის აშკარა კვალი. აღმოჩენილი ბოთლები და შპრიცები არ წარმოადგენს დანაშაულის ჩადენის აშკარა კვალს. განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც, ა) შპრიცები და ბოთლები იყო ცარიელი, ბ) არანაირი სხვა წინარე ინფორმაცია არ ამყარებდა ვარაუდს, რომ მას შესაძლოა, ჰქონოდა ნარკოტიკი. გ) მისი ჩხრეკა მიმდინარეობდა ცეცხლსასროლი იარაღის აღმოჩენის მიზნით, რაც ასევე არ იყო დასაბუთებული ვარაუდით გამყარებული – ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე მხოლოდ პოლიციელის გამოკითხვის ოქმი გახდა ჩხრეკის საფუძველი; 3. არ არსებობდა მიმალვის საფუძველი, რამდენადაც თავად დაკავებისა და ჩხრეკის ოქმების თანახმად, ჩხრეკა მიმდინარეობდა მშვიდ ვითარებაში, იგი წინააღმდეგობას არ უწევდა პოლიციას, რასაც ასევე თავად შეესწრო სახალხო დამცველის წარმომადგენელი.
აქვე აღსანიშნავია, რომ ა.ბ.–ს დაკავება სასამართლოს განჩინების საფუძველზე შესაძლებელი იქნებოდა ბოთლებზე და შპრიცებზე ექსპერტიზის ჩატარების შემდეგ, ნარკოტიკული საშუალების კვალის აღმოჩენის შემთხვევაში.
ხაზგასასმელია ის ფაქტიც, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის და 2017 წლის გადაწყვეტილებებით პირისთვის თავისუფლების აღკვეთა მარიხუანას პირადი მოხმარების მიზნით შეძენისა და შენახვის გამო არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი. შესაბამისად, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ზემოხსენებული ბოთლები წარსულში გამოყენებული იყო აღნიშნული მიზნით, ა.ბ.–ს დაკავება ერთმნიშვნელოვნად არღვევს კონსტიტუციას – წარმოადგენს პირის თავისუფლების ხელშეუხებლობის უხეშ დარღვევას, შესაბამისად, პირი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს.