31 მაისი – მსოფლიო დღე „თამბაქოს გარეშე“
1987 წელს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ჯანდაცვის მსოფლიო ასამბლეამ 31 მაისი „თამბაქოს გარეშე“ საერთაშორისო დღედ გამოაცხადა. ამ დღეს კიდევ ერთხელ ხდება საზოგადოების ცნობიერების ამაღლება თამბაქოს მავნებლობასთან დაკავშირებით და მსოფლიოს ყურადღების მიქცევა თამბაქოს ეპიდემიისა და მისგან გამოწვეული უმძიმეს შედეგებისადმი.
2005 წლის 16 დეკემბერს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციაზე ხელმოწერით საქართველომ აიღო ვალდებულება ქვეყანაში თამბაქოს კონტროლის კუთხით საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისი, ეფექტური ღონისძიებების გატარებაზე. საქართველოს სახალხო დამცველი აქტიურად ადევნებს თვალყურს ქვეყანაში თამბაქოს კონტროლის სფეროში მთავრობის პოლიტიკას. „საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს სახალხო დამცველის 2015 წლის ანგარიშში ხაზი გაესვა ქვეყანაში თამბაქოს კონტროლის სფეროში არსებულ პრობლემებს. კერძოდ, ომბუდსმენი მიიჩნევს, რომ ჭიანურდება თამბაქოს კონტროლის შესახებ მოქმედი კანონმდებლობის დახვეწის პროცესი. გარდა იმისა, რომ თამბაქოს კონტროლის სფეროში ადგილობრივი კანონმდებლობა არ შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს, არსებობს სერიოზული შეუსაბამობა მოქმედ კანონმდებლობასა და პრაქტიკას შორის. დღემდე სრულად არ არის აკრძალული თამბაქოს მოხმარება საზოგადოებრივი თავშეყრის ყველა დახურულ ადგილას და საზოგადოებრივ ტრანსპორტში, რაც ძალზედ მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს და საფრთხეს უქმნის მოქალაქეთა ჯანმრთელობას და სიცოცხლეს.
საქართველოს სახალხო დამცველი უკანასკნელი კვლევის შედეგად მიიჩნევს, რომ აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან თამბაქოს კონტროლის სფეროში საერთაშორისო და ადგილობრივი კანონმდებლობით ნაკისრი ვალდებულების შესრულება არა სისტემურ, არამედ ფრაგმენტულ ხასიათს ატარებს. მაშინ როდესაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 2016 წლის 31 მაისის თემად შეარჩია „მზადება თამბაქოს ნაწარმის მარტივ (სტანდარტიზებულ) შეფუთვაზე გადასვლისათვის“ და ევროპაში აქტიურად მიმდინარეობს კამპანია თამბაქოს ნაწარმის სადა შეფუთვასთან დაკავშირებით, საქართველოში თამბაქოს მწარმოებლებს დღემდე არ ეკისრებათ ვალდებულება დაიტანონ პიქტოგრამები თამბაქოს ნაწარმის შეფუთვაზე.
ხაზგასასმელია, რომ ევროპის კავშირის მართლმსაჯულების სასამართლომ 2016 წლის 4 მაისის გადაწყვეტილებით კანონიერად მიიჩნია ევროპის პარლამენტისა და ევროპის საბჭოს 2014 წლის დირექტივით დადგენილი სტანდარტები თამბაქოს ნაწარმის შეფუთვასთან დაკავშირებით, რომლის თანახმად, თამბაქოს ნაწარმის გარე შეფუთვის 65%–ს უნდა შეადგენდეს მასზე დატანილი სამედიცინო გაფრთხილება და პიქტოგრამები. საქართველოში დღეს მოქმედი კანონმდებლობით კი, თამბაქოს ნაწარმზე სამედიცინო გაფრთხილება თამბაქოს ნაწარმის გარე შეფუთვის 30%–ს იკავებს, რაც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციით დადგენილ მხოლოდ მინიმალურ სტანდარტს აკმაყოფილებს.
საქართველოს სახალხო დამცველი აგრძელებს მუშაობას ამ მიმართულებით და უახლოეს მომავალში საზოგადოებას და ხელისუფლების აღმასრულებელ ორგანოებს წარუდგენს უფრო დეტალურ ანგარიშს თამბაქოს კონტროლის სფეროში ქვეყანაში არსებული მდგომარეობის შესახებ.
სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ უპირველესი ამოცანაა ყველა შესაბამის უწყებასთან და არასამთავრობო სექტორთან თანამშრომლობით საქართველოს თამბაქოს კონტროლის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის დახვეწა, რათა სამომავლო ღონისძიებების დაგეგმვით, საქართველოს მოსახლეობა და განსაკუთრებით ახალგაზრდები დაცული იყვნენ თამბაქოს მავნე ზემოქმედებისგან.
საქართველოს სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, თამბაქოს კონტროლის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის არსებული ხარვეზების აღმოფხვრასთან ერთად, ეფექტურად განახორციელოს ზედამხედველობა არსებული რეგულაციების შესრულებაზე.