28 სექტემბერი ინფორმაციის თავისუფლების საერთაშორისო დღეა
28 სექტემბერი ინფორმაციის თავისუფლების საერთაშორისო დღეა. ეს თარიღი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ინფორმაციის თავისუფლებაზე მომუშავე ორგანიზაციებმა დააწესეს და 2002 წლიდან აღინიშნება.
ბოლო პერდიოდში ინფორმაციის თავისუფლების მიმართულებით ქვეყანაში ახალი საკანონმდებლო ჩარჩოს შექმნის მოლოდინი გაჩნდა. ახალმა აქტმა უნდა აღმოფხვრას დღეს არსებული ძირითადი პრობლემები, როგორიცაა: ინფორმაციის თავისუფლებაზე ზედამხედველობის განმახორციელებელი დამოუკიდებელი და ეფექტური მექანიზმის, შესაბამისი სანქციების არარსებობა და სხვა. 2014 წელს მთავრობის დადგენილებით[1] განისაზღვრა, რომ ინფორმაციის თავისუფლების შესახებ ახალი კანონის პროექტი პარლამენტსა და მთავრობას 2015 წლის გაზაფხულზე წარედგინებოდა. აღნიშნული ვადის გასვლის მიუხედავად, კანონპროექტის წარდგენა არ მომხდარა. მიმდინარე წლის ივლისში მიღებული მთავრობის დადგენილებით[2], ახალ თარიღად 2016 წელი განისაზღვრა. სახალხო დამცველი იმედოვნებს, რომ დასახული გეგმა ამჯერად მაინც შესრულდება.
ამავდროულად, მნიშვნელოვანია, რომ ინიცირებამდე ჯეროვანი დისკუსიები შედგეს და დაინტერესებულ პირებს განხილვაში ჩართვის შესაძლებლობა მიეცეთ, ხოლო დოკუმენტში ყოველგვარი ცვლილება გამჭვირვალედ და დასაბუთებულად განხორციელდეს.
ქვეყანაში ინფორმაციის თავისუფლების მდგომარეობა საქართველოს სახალხო დამცველის ყოველწლიური მოხსენების ნაწილია. 2015 წლის ანგარიშში საქართველოს სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა პარლამენტს, მიიღოს ცვლილებები, რომლითაც ხელმისაწვდომი გახდება საჯარო დაწესებულებებში დაცული, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე, ყოფილი და მოქმედი თანამდებობის პირებისა და თანამდებობაზე წარდგენილი კანდიდატების განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემები, რომელიც დაკავშირებულია აღნიშნული პირების მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილებების განხორციელებასთან. ასევე, სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა მთავრობას, დროულად მოახდინოს ინფორმაციის თავისუფლების შესახებ ახალი კანონის პროექტის ინიცირება, ხოლო საგარეო საქმეთა სამინისტროს – განახორციელოს სათანადო ღონისძიებები ევროპის საბჭოს 2009 წლის 18 ივნისის „ოფიციალურ დოკუმენტაციასთან დაშვების შესახებ კონვენციის“ რატიფიკაციისათვის საჭირო პროცედურების დასაწყებად. აღნიშნული რეკომენდაციები ამ დრომდე შეუსრულებელი რჩება.
[1] „ღია მმართველობის პარტნიორობის საქართველოს 2014-2015 წლების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 სექტემბრის #557 დადგენილება.
[2] „საქართველოს ადამიანის უფლებების დაცვის სამთავრობო სამოქმედო გეგმის (2016-2017 წლებისთვის) დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 21 ივლისის #338 დადგენილება.