ახალი ამბები

28 სექტემბერი ინფორმაციის თავისუფლების საერთაშორისო დღეა

28 სექტემბერი ინფორმაციის თავისუფლების საერთაშორისო დღეა. საქართველოს კონსტიტუციის 41–ე მუხლი ყველასათვის უზრუნველყოფს სახელმწიფო დაწესებულებებში არსებულ ოფიციალურ დოკუმენტებზე ხელმისაწვდომობას. ღია მმართველობის ინდექსის 2015 წლის მონაცემებით, საქართველომ მსოფლიოს 102 ქვეყანას შორის 29–ე ადგილი დაიკავა, ხოლო აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის 13 ქვეყანას შორის – პირველი ადგილი. მოცემული ინდექსის ფარგლებში დანარჩენ კრიტერიუმებთან ერთად შეფასდა ინფორმაციის თავისუფლების მდგომარეობა ქვეყანაში.

ამის მიუხედავად, პრაქტიკაში აღნიშნული უფლების რეალიზება პრობლემატურია. არის შემთხვევები, როდესაც სახელმწიფო დაწესებულებები, თვითმართველობის ორგანოები დაუსაბუთებლად ამბობენ უარს საჯარო ინფორმაციის გაცემაზე. ბოლო პერიოდში ქვეყანაში ინფორმაციის თავისუფლების მდგომარეობაზე გარკვეული ნეგატიური გავლენა იქონია „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის არასწორმა გამოყენებამ პრაქტიკაში. მაგალითად, სახელმწიფო დაწესებულებები უარს ამბობენ პერსონალური მონაცემების შემცველი ინფორმაციის გაცემაზე იმ საფუძვლით, რომ არ არის წარმოდგენილი შესაბამისი სუბიექტის თანხმობა. არ ექცევა ყურადღება იმ გარემოებას, რომ კანონმდებლობა იცნობს ასეთი ინფორმაციის გაცემის სხვა საფუძვლებსაც, რომელიც საერთოდ არ არის დაკავშირებული მონაცემთა სუბიექტის მიერ თანხმობის გაცემასთან. ასეთი საფუძვლებია: მონაცემთა გაცემა აუცილებელია კანონის შესაბამისად მნიშვნელოვანი საჯარო ინტერესის დასაცავად, მონაცემთა გაცემა საჭიროა შესაბამისი სახელმწიფო თუ ადგილობრივი თვითმმართველობის დაწესებულებების მიერ მათთვის კანონმდებლობით დაკისრებული მოვალეობების შესასრულებლად და სხვა.

აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოს კანონმდებლობა არ ითვალისწინებს სანქციებს საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უკანონოდ უარის თქმისათვის. აღნიშნული პრობლემა სახალხო დამცველის წლიურ ანგარიშშიც არის ასახული. მის გადასაჭრელად სახალხო დამცველმა გასცა რეკომენდაცია, რომ დადგინდეს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის უკანონოდ თქმისათვის, ასევე, შეიქმნას შესაბამისი მექანიზმი ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე ზედამხედველობის განხორციელების მიზნით. სახალხო დამცველის კიდევ ერთი რეკომენდაციაა – განხორციელდეს ევროპის საბჭოს 2009 წლის 18 ივნისის „ოფიციალურ დოკუმენტაციასთან დაშვების შესახებ კონვენციის“ რატიფიცირება. ამ დროისათვის აღნიშნული რეკომენდაციები გაზიარებული არ არის, თუმცა, ცნობილია, რომ სახელმწიფო მუშაობს ინფორმაციის თავისუფლების შესახებ ახალი კანონის პროექტზე. იმედს გამოვთქვამ, რომ აღნიშნული კანონპროექტით დაინერგება ინფორმაციის თავისუფლებისა და მისი დაცვის საკმაოდ მაღალი სტანდარტები. „ღია მმართველობის პარტნიორობის საქართველოს 2014–2015 წლების სამოქმედო გეგმის“[1] მიხედვით, კანონპროექტის საქართველოს მთავრობისა და საქართველოს პარლამენტისათვის წარდგენა ჯერ კიდევ 2015 წლის გაზაფხულზე უნდა მომხდარიყო. მნიშვნელოვანია დროულად დაიწყოს აღნიშნული პროცესი, ასევე, უზრუნველყოფილი იქნეს მისი საჯარო განხილვა და დაინტერესებული მხარეების ჯეროვანი ჩართულობა.

ამავდროულად, მნიშვნელოვანია, ხელისუფლებამ ერთ–ერთ უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტად მიიჩნიოს გამჭვირვალობის პრაქტიკაში უზრუნველყოფა, ხოლო ინფორმაციის გაუცემლობის ყოველი ფაქტი გახდეს სათანადო დისკუსიის საგანი და შეფასდეს უმკაცრესად, ვინაიდან აღნიშნული უფლება დემოკრატიის ქვაკუთხედი და ხელისუფლების ხალხის წინაშე ანგარიშვალდებულების გამოხატულებაა.



[1] დამტკიცებულია საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 სექტემბრის #557 დადგენილებით.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)