საქართველოს სახალხო დამცველის განცხადება ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით
საქართველოს სახალხო დამცველი უერთდება 16 დღიან გლობალურ კამპანიას გენდერული ძალადობის წინააღმდეგ და მიიჩნევს, რომ საქართველომ ბოლო პერიოდში ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობასთან ბრძოლის კუთხით, არაერთი პოზიტიური ნაბიჯი გადაიდგა.
თუმცა, რჩება სისტემური პრობლემები, რაც სახელმწიფოს მხრიდან მყისიერ რეაგირებას საჭიროებს. კვლავ გამოწვევად რჩება ბავშვთა ქორწინების იძულების შემთხვევები, რაც უმეტესად მოტაცების ან მშობელთა შორის გარიგების გზით ხდება. პრობლემის არსებობა მთელი სიცხადით გამოჩნდა გასულ თვეში 14 წლის გოგოს მკვლელობის უმძიმესი ფაქტით, რომელსაც წინ სხვადასხვა ფორმის გენდერული ნიშნით ძალადობა უძღოდა.
მნიშვნელოვანია, ადრეულ ასაკში ქორწინების პრევენციის და გოგოების სათანადოდ დაცვისა და დახმარებისათვის სახელმწიფომ გაატაროს მკაცრი პოლიტიკა და უზრუნველყოს აუცილებელი ზომების განხორციელება, მათ შორის, საკანონმდებლო კუთხით. განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს, დანაშაულის შეუტყობინებლობის შემთხვევებს, ასევე მასწავლებლების ცნობიერების ამაღლებას არსებული სამართლებრივი რეგულაციების შესახებ და სათანადო ნაბიჯები გადაიდგას რეფერირების პროცედურების დარღვევის თითოეულ ფაქტზე.
კოორდინირებულად, ყველა შესაბამისი უწყების ჩართვით უნდა გატარდეს აუცილებელი ზომები ქალთა მიმართ ძალადობის უკიდურესი ფორმის, ფემიციდის პრევენციისთვის და ამ მხრივ მუშაობა განსაკუთრებით იმ რეგიონებსა და საზოგადოებაში უნდა გაძლიერდეს, სადაც ჯერ კიდევ მყარად მოქმედებს გენდერული ნორმები და სტერეოტიპები.
არაერთი სისტემური გამოწვევა რჩება ქალის მიმართ და ოჯახში ძალადობის შემთხვევებთან სათანადო რეაგირების მიმართულებით, პრობლემურია სექსუალური ძალადობის არსებული კანონმდებლობა. ასევე, სახელმწიფო უწყებებს შორის შეთანხმებული და კოორდინირებული მუშაობა. ამ დრომდე არ არის დამტკიცებული ქალთა მიმართ ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა გამოვლენის, მათი დაცვის, დახმარებისა და რეაბილიტაციის ეროვნული რეფერირების პროცედურების დოკუმენტი.
ძალადობის მსხვერპლთათვის არსებული სერვისები არ არის მისაწვდომი რიგ რეგიონში მცხოვრები ქალებისთვის. სათანადოდ არ ხდება ძალადობის მსხვერპლთა გაძლიერება, რასაც ძალადობის მსხვერპლთა საჭიროებებზე მორგებული მუნიციპალური პროგრამების სიმწირეც აფერხებს. ამასთან, პრობლემურია ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სწავლების კურსების გავლის შესაძლებლობა ყველა მოძალადისთვის.
მნიშვნელოვანია ქალების მიმართ ადრეული ასაკიდან განხორციელებული გენდერული ჩაგვრის საპასუხოდ, სახელმწიფომ ადეკვატური ძალისხმევა გასწიოს, როგორც გენდერული ძალადობის ძირეულ მიზეზებთან ეფექტური ბრძოლის, ისე იმ ხარვეზების აღმოსაფხვრელად, რაც ქალებს ძალადობისგან თავის დაღწევას ურთულებს.