ახალი ამბები

უსახლკაროთა საერთაშორისო დღე

10 ოქტომბერს უსახლკაროთა საერთაშორისო დღე აღინიშნება. მისი მიზანი უსახლკარო პირების, როგორც სოციალურად ერთ-ერთი ყველაზე მოწყვლადი ჯგუფის, საჭიროებებზე ყურადღების გამახვილებაა.

ყველა ადამიანის უფლებაა უზრუნველყოფილი იყოს უსაფრთხო, მშვიდობიანი და ღირსეული საცხოვრებელი პირობებით. საქართველოს სახალხო დამცველი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ამ უფლების რეალიზაციაზე ზედამხედველობას.

საქართველოში არაერთი გამოწვევა გვაქვს უსახლკარო პირთა უფლებრივი მდგომარეობასთან დაკავშირებით. პრობლემად რჩება უსახლკარო პირთა სამთავრობო სტრატეგიის და შესაბამისი სამოქმედო გეგმის, უსახლკარო პირის სრულფასოვანი საკანონმდებლო განმარტებისა და სათანადო საცხოვრებლის უფლების რეალიზაციისთვის აუცილებელი ჩარჩო კანონმდებლობის არარსებობა. ასევე, არ გვაქვს უსახლკარო პირთა ერთიანი მონაცემთა ბაზა და უსახლკარო პირებისთვის განკუთვნილი სოციალური საცხოვრებლის მოწყობის მინიმალური სტანდარტები. პრობლემურია, რომ არ ხდება ინფორმაციის დამუშავება ქვეყანაში უსახლკარობის გამომწვევი ფაქტორების და უსახლკარობის მასშტაბების შესასწავლად. შედეგად, ხელისუფლებას არ გააჩნია კვლევის შედეგებზე დაფუძნებული უსახლკარობის პრევენციისთვის საჭირო პოლიტიკა.

ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოების მიერ უსახლკარო პირთა საჭიროებებზე საპასუხოდ მიღებული ზომები არასრულფასოვანია და არსებული გამოწვევების მასშტაბებთან მიმართებაში შეუსაბამო. მუნიციპალიტეტების ბიუჯეტებში მობილიზებული თანხები, რომელიც, უმეტეს შემთხვევაში, ბინის ქირით დაკმაყოფილებას გულისხმობს, არასაკმარისია და სრულად ვერ ფარავს უსახლკარო პირთა ჯგუფებს, ხოლო ზოგ მუნიციპალიტეტში ასეთი მიზნობრივი პროგრამები საერთოდ არ არსებობს. ქვეყანაში არსებულ უსახლკაროთათვის გათვალისწინებულ სოციალური საცხოვრისების ნაწილში არის ძალიან მძიმე საცხოვრებელი პირობები[1] და ის ვერ აკმაყოფილებს საცხოვრებლის ადეკვატურობასთან დაკავშირებით დადგენილ საერთაშორისო სტანდარტებს.[2]

მნიშვნელოვანია, რომ ცენტრალურმა და ადგილობრივმა ხელისუფლებამ ეფექტურად წარმართოს მუშაობა ქვეყანაში უსახლკარობის ყველა ფორმის ეტაპობრივი, შეუქცევადი და საბოლოო აღმოფხვრის მიმართულებით.


[1] ქუთაისში, ნიკეას დასახლებაში მდებარე სოციალური საცხოვრისი, ოზურგეთის სოციალური საცხოვრისი, გორის საცხოვრისი (ყოფილი ნარკოლოგიური კლინიკის შენობა), თბილისში, ორხევში მდებარე საცხოვრისი

[2] ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ კომიტეტის №4 ზოგადი კომენტარი, პარა. 7 და 8.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)