1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა
1 ოქტომბერს ხანდაზმულთა საერთაშორისო დღე აღინიშნება, რომელიც გვახსენებს ხანდაზმული პირების მიერ ადამიანის ყველა უფლებით სარგებლობის დაცვის და ხელშეწყობის ვალდებულებას.
გაერო ყოველწლიურად სხვადასხვა თემით ეხმიანება ამ დღეს. წელს ხანდაზმულთა საერთაშორისო დღე 33-ედ აღინიშნება თემით, „ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის დაპირებების შესრულება ხანდაზმულთათვის: თაობათა შორის“.
1948 წლის 10 დეკემბერს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია, რომელმაც ადამიანის უფლებათა ისტორიაში პირველად ასახა სამოქალაქო, პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, და კულტურულ უფლებები, რომლითაც ყველა ადამიანი, მათ შორის ყველა ხანდაზმული პირი სრულად უნდა სარგებლობდეს. მიუხედავად აღნიშნულისა, ძირითადი უფლებებით სარგებლობა ასაკთან ერთად მცირდება იმ ნეგატიური აღქმის გამო, რომ ხანდაზმული ადამიანები ნაკლებად პროდუქტიულები და უფრო მოწყვლადები და ნაკლებად დაფასებულები არიან საზოგადოებაში, რადგან ისინი აღიქმებიან ტვირთად ეკონომიკასა და ახალგაზრდა თაობებისთვის. სამწუხაროა, თუმცა რეალობაა, რომ ასაკის ნიშნით დისკრიმინაცია იწვევს ხანდაზმულთა გარიყულობას.
სახალხო დამცველის ერთ-ერთი ფუნქციაა, ხანდაზმულთა უფლებების დაცვა და რეალიზაციის ხელშეწყობა. ყოველწლიურ საპარლამენტო ანგარიშში, ხანდაზმულ პირთა უფლებრივი მდგომარეობის მიმოხილვას ცალკე თავი ეთმობა, რომელშიც აისახება ხანდაზმულთა უფლებების დაცვის მიმართულებით არსებული პრობლემები, მათ შორის ხანდაზმულთა ხანგრძლივი ზრუნვის დაწესებულებების მონიტორინგისა და აპარატის მიერ შესწავლილი სხვადასხვა საქმის შედეგები.
მნიშვნელოვანია ხელისუფლებამ ხანდაზმულ პირთა უფლებების დასაცავად მეტი ძალისხმევა გასწიოს და არსებული გამოწვევებისა და უფლებადარღვევების აღმოსაფხვრელად მოახდინოს საკითხის აქტუალიზაცია და ეტაპობრივად გადადგას კონკრეტული ნაბიჯები ხანდაზმული პირების უფლებების დაცვის მიზნით.