ახალი ამბები

სახალხო დამცველის განცხადება აუტიზმის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით

2 აპრილს მსოფლიო აუტიზმის შესახებ ცნობიერების ამაღლების დღეს აღნიშნავს. ეს დღე აუტიზმის მქონე პირთა მიმღებლობის, მხარდაჭერისა და ჩართულობის გაზრდის, მათი უფლებების სხვებთან თანასწორად დაცვის ვალდებულებას უსვამს ხაზს და მათ შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზანს ემსახურება.

აღნიშნულის პარალელურად, უმნიშვნელოვანესია აუტიზმის მქონე პირების მიერ საზოგადოებრივ ცხოვრებაში სხვადასხვა მიმართულებით შეტანილი წვლილის აღიარება. წლევანდელ წელს ამ დღის აღნიშნვა სწორედ იმ წვლილზე ფოკუსირდება, რომელიც მათ ოჯახებში, სამუშაო ადგილზე, ხელოვნებაში თუ პოლიტიკის შექმნის პროცესში შეაქვთ.[1]

აუტიზმის შესახებ ცნობიერების ამაღლების დღესთან დაკავშირებით, გაეროს გენერალური მდივნის 2023 წლის მიმართვაში[2] ნათქვამია, რომ მიუხედავად გარკვეული პროგრესისა, საზოგადოებაში ჯერ კიდევ არსებობს ბარიერები, რომლებიც ხელს უშლიან აუტიზმის მქონე პირებს ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების სრულყოფილად განხორციელებაში.

საქართველოში, ბოლო წლებში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის მიზნით გადადგმული გარკვეული პოზიტიური ნაბიჯების მიუხედავად, აუტიზმის მქონე პირები კვლავ მრავალი გამოწვევის წინაშე დგანან. მათ შორისაა სკოლამდელი აღზრდის სერვისებზე, ინკლუზიურ განათლებაზე, დასაქმების, ჯანდაცვისა და აბილიტაცია/რეაბილიტაციის პროგრამებზე თანაბარი წვდომა, საზოგადოებაში არსებული სტიგმა და სტერეოტიპები. ქვეყანაში გადაუჭრელი რჩება აუტიზმის მქონე პირთა საჭიროებებზე მორგებული მიზნობრივი სარეაბილიტაციო სერვისების სრული გეოგრაფიული დაფარვა, ამ დრომდე არ არსებობს რთული ქცევის მართვის ეფექტური მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამა. განსაკუთრებით რთულია აუტიზმის მქონე ზრდასრულ პირთა მდგომარეობა. მათთვის მიუწვდომელია ის ფრაგმენტული სარეაბილიტაციო პროგრამებიც, რომელიც რამდენიმე მუნიციპალიტეტში აუტიზმის მქონე არასრულწლოვნებისთვის მოქმედებს.

საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს ხელისუფლებას მიიღოს ზომები, რაც უზრუნველყოფს აუტიზმის მქონე პირთა დამოუკიდებელ ცხოვრებას, საზოგადოებაში ინტეგრაციას, დასაქმების, განათლების უფლების რეალიზაციას, ჯანდაცვის, უწყვეტ სარეაბილიტაციო და სხვა სახელმწიფო პროგრამების მისაწვდომობას, მათთვის განვითარების თანაბარი შესაძლებლობის შექმნასა და მათი წვლილის აღიარებას. მნიშვნელოვანია მოქალაქეთა ცნობიერების ამაღლება საზოგადოებაში არსებული სტიგმისა და არასწორი დამოკიდებულების აღმოსაფხვრელად. ასევე, შშმ პირთა და მათი ოჯახების ფსიქოლოგიური და სოციალური მხარდაჭერა.

გაეროს გენერალური ასამბლეის გადაწყვეტილებით, აუტიზმის შესახებ ცნობიერების ამაღლების დღე მსოფლიოში 2008 წლიდან აღინიშნება.


[1] https://www.un.org/en/observances/autism-day

[2] მიმართვა ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: <https://bit.ly/3TTYct1>

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)