სახალხო დამცველის განცხადება დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით
მარტს მსოფლიო დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ეს დღე კიდევ ერთხელ შეახსენებს მსოფლიოს, რომ ადამიანის უფლებები ურთიერთდამოკიდებული, ურთიერთდაკავშირებული და განუყოფელია.
2023 წელს, დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღის გზავნილი - „ჩვენთან ერთად და არა ჩვენთვის,“ ადამიანის უფლებებზე დაფუძნებულ ხედვას ეხმიანება და მისი მიზანია სახელმწიფოებმა დროულად თქვან უარი ქველმოქმედებით მიდგომაზე, განიხილონ დაუნის სინდრომის მქონე პირები უფლებების სუბიექტებად, მოეპყრონ მათ სამართლიანად და შეუქმნან რეალიზების თანაბარი შესაძლებლობები. ასევე, უზრუნველყონ მათი არსებითი მონაწილეობა ყველა სფეროში.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში 2014 წლიდან ძალაშია გაეროს „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენცია,“ პრაქტიკაში კვლავ არაერთი გამოწვევაა, რაც დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების საზოგადოებრივ ცხოვრებაში არსებით მონაწილეობას აბრკოლებს. პრობლემათა შორის არის: შესაძლებლობის შეზღუდვის სოციალური მოდელის დროულად დანერგვა, საზოგადოებაში არსებული სტიგმა და სტერეოტიპები, სამედიცინო სექტორის მხრიდან ეთიკური ტერმინოლოგიისა თუ კომუნიკაციის სწორი მიდგომების გამოყენება.
ასევე, ადრეული ინტერვენციისა და რეაბილიტაციის მხარდამჭერი ღონისძიებების დეფიციტი, ჯანდაცვის მომსახურებებზე სათანადო წვდომა, ხარისხიანი და უწყვეტი ინკლუზიური განათლება, ღია შრომით ბაზარზე დასაქმების თანაბარი შესაძლებლობები, ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული და დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშემწყობი სერვისების ნაკლებობა.
საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს ხელისუფლებას, მიიღოს ქმედითი ზომები შესაძლებლობის შეზღუდვის ნიშნით დისკრიმინაციის თავიდან აცილებისა და პოლიტიკის განსაზღვრის პროცესში, როგორც დაუნის სინდრომის მქონე პირთა, ისე, ამ პირთა საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების სრულყოფილად ჩართვისთვის.
2012 წლიდან მოყოლებული, გაეროს გენერალური ასამბლეის გადაწყვეტილებით, დაუნის სინდრომის მქონე პირების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით, ყოველ 21 მარტს გარკვეული ღონისძიებები ხორციელდება, სამთავრობო და კერძო სექტორის აქტიური მონაწილეობით.