სახალხო დამცველის განცხადება მშრომელთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით
1 მაისი მშრომელთა საერთაშორისო დღეა, რომელიც აღნიშნავს მშრომელთა ისტორიულ ბრძოლას მთელ მსოფლიოში და სიმბოლურად დასაქმებულთა ღირსეული სამუშაო პირობებით უზრუნველყოფის აუცილებლობაზე ამახვილებს ყურადღებას.
ყოველწლიურად სახალხო დამცველის აპარატს არაერთი პირი მიმართავს შრომითი უფლებების დარღვევების მიზეზით. არაერთი პირის მიმართ იქნა დადგენილი დისკრიმინაცია და გაიცა შესაბამისი რეკომენდაციები. შრომის უფლებების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები დეტალურად არის განხილული ჩვენს საპარლამენტო ანგარიშში და ყველა შესაბამის უწყებას მიეწოდება პრობლემების გამოსწორების გზები.
განსაკუთრებულად აღნიშვნის ღირსია ქალთა შრომითი უფლებების კუთხით ქვეყანაში არსებული გამოწვევები. მიუხედავად იმისა რომ 2021 წელს გარკვეული პოზიტიური ცვლილებები განხორციელდა შრომის კოდექსში, მაინც დიდ გამოწვევად რჩება ბავშვის ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულებით სარგებლობა.
სწორედ აღნიშნულის გამო, საქართველოს სახალხო დამცველმა კონსტიტუციური სარჩელით მიმართა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს და მოითხოვა შრომის კოდექსის 39-ე მუხლის იმ ნორმების გაუქმება, რომლებიც ითვალისწინებს ორსულობისა და მშობიარობის გამო ანაზღაურებადი შვებულებისა და ბავშვის მოვლის გამო ანაზღაურებადი შვებულების ანაზღაურებას მხოლოდ ერთჯერადი გასაცემლის სახით არაუმეტეს 1000 ლარის ოდენობით და რომელიც დამატებითი ანაზღაურების შესაძლებლობას ითვალისწინებს დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის დამატებითი ანაზღაურებით.
კონსტიტუციური სარჩელის მიხედვით, შრომის კოდექსის მოქმედი რეგულაცია ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლს (თანასწორობის უფლებას), 26-ე მუხლს (შრომის უფლებას) და 30-ე მუხლს (დედათა და ბავშვთა უფლებებს). პრობლემურია სავალდებულოდ განსაზღვრული დახმარების ოდენობა მისი არასაკმარისობის გამო, ისე მშობლის შვებულების ანაზღაურების ფორმალურად რეგულირება, რომლის რეალიზებაც მხოლოდ დამსაქმებლის კეთილ ნებაზეა დამოკიდებული. ამ პირობებში შეუძლებელი ხდება ორსულობის და ბავშვის მოვლის გამო შვებულებით სარგებლობა კერძო სექტორში.
იმედის ვიტოვებთ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო გაიზიარებს ჩვენს კონსტიტუციურ სარჩელში მოყვანილ არგუმენტებს და არაკონსტიტუციურად ცნობს შრომის კოდექსის 39-ე მუხლის მოქმედ რეგულირებას და შესაძლებელი გახდება ქალთა და ბავშვთა უფლებების დაცვის ჯეროვანი შესაძლებლობა საქართველოში.