ახალი ამბები

დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე

21 მარტს მსოფლიო დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. 2012 წლიდან მოყოლებული, გაეროს გენერალური ასამბლეის გადაწყვეტილებით, სწორედ ყოველი წლის 21 მარტს მსოფლიოს მასშტაბით სახელმწიფოები, საერთაშორისო ორგანიზაციები, სამოქალაქო თუ კერძო სექტორის წარმომადგენლები, მოქალაქეები დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით სხვადასხვა ღონისძიებებს გეგმავენ და ახორციელებენ.

2022 წელს, დაუნის სინდრომის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით დაგეგმილი კამპანიის ფარგლებში დაისვა შეკითხვა: რა არის ინკლუზია? კამპანია ყველა ადამიანს აძლევს შესაძლებლობას, გამოთქვას თავისი აზრი დაუნის სინდრომის მქონე პირთა ინკლუზიის, მათი საზოგადოებაში ჩართულობის ხელშეწყობისა და იმ ბარიერების შესახებ, რომლებიც საზოგადოების ამ ჯგუფს კვლავ სეგრეგირებულად, ცალკე ჯგუფად გამოყოფს.

ცნობილია, რომ შშმ პირთა სრული და ეფექტური მონაწილეობა და ჩართვა საზოგადოებაში გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის (UN CRPD) ერთ-ერთ მთავარ პრინციპს წარმოადგენს, თუმცა მაინც რას გულისხმობს ეს პრაქტიკაში და რა გვიშლის ხელს, რომ დაუნის სინდრომის მქონე პირები გახდნენ საზოგადოების სრულუფლებიანი წევრები? სწორედ აღნიშნულ საკითხზე დისკუსიის გახსნა და ინკლუზიის შესახებ ინფორმაციის შეგროვებას ისახავს მიზნად დაუნის სინდრომის მსოფლიო დღის 2022 წლის თემა - #ინკლუზიანიშნავს.

ქვეყანაში დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების უფლებების სათანადო რეალიზება კვლავ ბევრ დაბრკოლებას აწყდება, რომელთა აღმოფხვრა მეტ ძალისხმევას საჭიროებს სახელმწიფოს მხრიდან.

სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ მოუწოდებს ხელისუფლებას, ხელი შუწყოს დაუნის სინდრომის მქონე პირთა ინლუზიას, რაც პირველ რიგში გულისხმობს მათთვის თანაბარი შესაძლებლობების შექმნას, ყოველდღიურ ცხოვრებაში სრულფასოვანი ჩართვისთვის პირობების უზრუნველყოფას, ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული მომსახურებების დანერგვას, წვდომას განათლებაზე, ჯანდაცვაზე, სოციალურ დაცვაზე, საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა ასპექტზე, დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის საჭირო ფუნქციური და სოციალური უნარ-ჩვევების ხელშემწყობი თანამედროვე სერვისები და მომსახურებების შექმნას, დაუნის სინდრომის მქონე პირთა ოჯახების გაძლიერებას, საზოგადოებაში არსებული სტიგმისა და სტერეოტიპული დამოკიდებულების წინააღმდეგ ბრძოლას და დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების უფლებებისა და ღირსებისადმი პატივისცემაზე ზრუნვას.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)