ახალი ამბები

სპეციალური ანგარიში - „ბავშვთა შრომა ახალი კორონა ვირუსის პანდემიის პირობებში და მის მიღმა“

2021 წლის 2 აპრილს საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ სპეციალური ანგარიში წარადგინა - „ბავშვთა შრომა ახალი კორონა ვირუსის პანდემიის პირობებში და მის მიღმა“. ანგარიშში ასახული და გაანალიზებულია ბავშვთა შრომის კუთხით ქვეყანაში არსებული მდგომარეობა, პანდემიის გავლენას ბავშვთა შრომაზე, საკანონმდებლო ხარვეზები თუ პრაქტიკაში გამოვლენილი პრობლემები. ანგარიში გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მხარდაჭერით მომზადდა.

კვლევამ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ბავშვთა შრომის შესახებ ეროვნული კანონმდებლობის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის საკითხზე. ანგარიში ეყრდნობა სახალხო დამცველის აპარატის მიერ განხორციელებული სამართლებრივი და პრაქტიკული კვლევის შედეგებს, რომელმაც მოიცვა ქვეყნის ოთხი რეგიონი: აჭარა, გურია, კახეთი, სამცხე-ჯავახეთი. პრაქტიკული მოკვლევის პროცესში ყურადღება გამახვილდა ბავშვთა შრომაზე შინამეურნეობაში, ფორმალურ სექტორში და არაფორმალურ სექტორში, მათ შორის, ქუჩაში შრომასა და შრომითი მიგრაციის საკითხებზე. კვლევის პროცესში შედგა 36 შეხვედრა და ჩატარდა 2 ინტერვიუ ბავშვთა შრომის და ადამიანის უფლებების საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციებთან, სახელმწიფო უწყებების და ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლებთან, სკოლის პედაგოგებთან, მოზარდებთან და შინამეურნეობის წარმომადგენლებთან.

„კოვიდ 19-ის პირობებში სიღარიბის ზრდის პარალელურად, მოიმატა შრომით საქმიანობაში ბავშვების ჩართვის რისკმა. განსაკუთრებით რეგიონებში გავრცელებულია სეზონურად არასრულწლოვნების შიდა მეურნეობებში ჩართვა, სადაც ისინი ანაზღაურების სანაცვლოდ მძიმე და დიდი დატვირთვის სამუშაოებს ასრულებენ. ასევე ქუჩაში ბავშვთა შრომის აღმოფხვრაზე ორიენტირებული რესურსებისა და კადრების სიმცირის გამო, ვერ ხერხდება შემთხვევათა დროული აღკვეთა და ქუჩაში მცხოვრებ და მომუშავე ბავშვთა საჭიროებების ჯეროვანი გამოვლენა. დაბალია მოსახლეობის ინფორმირებულობის დონე ბავშვთა შრომითი უფლებებისა და შრომის საზიანო ფორმებისგან დაცვის საკითხებზე; საზოგადოება, რიგ შემთხვევაში, შემწყნარებლურია მსგავსი ფაქტების მიმართ“,- განაცხადა სახალხო დამცველმა.

„საქართველო მიერთებულია ბავშვის უფლებათა კონვენციას და სხვა მნიშვნელოვან საერთაშორისო ინსტრუმენტებს, რითაც მას აქვს ვალდებულება დაიცვას ბავშვი სახიფათო შრომისაგან. საქართველოს ბავშვის უფლებათა კოდექსი, რომელიც რამდენიმე თვის წინ შევიდა ძალაში, ითვალისწინებს შრომის საზიანო ფორმებისგან ბავშვთა დაცვას, ბავშვთა შრომის აღმოფხვრის კონკრეტული მექანიზმების შექმნას, როგორც ეროვნულ, ასევე მუნიციპალურ დონეზე. გაეროს ბავშვთა ფონდი განაგრძობს მთავრობასა და სახალხო დამცველის ოფისთან თანამშრომლობას სისტემურ დონეზე ცვლილებების, ბავშვთა შრომის პრევენციისა და ოჯახების გაძლიერების მიმართულებით,“ - განაცხადა გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა საქართველოში ღასან ხალილმა.

პრეზენტაციაზე მისასალმებელი სიტყვით გამოვიდნენ ასევე, საქართველოს პარლამენტის წევრი, ბავშვის უფლებათა დაცვის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარე ანა ბუჩუკური და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა სამდივნოს უფროსი მაკა ფერაძე.

კვლევის შედეგები ექსპერტმა ანა დიაკონიძემ და სახალხო დამცველის მოადგილემ ეკატერინე სხილაძემ წარმოადგინეს.


სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)