„გენდერული მეინსტრიმინგი - საქართველოს მიერ აღიარებული ვალდებულებებისა და მათი შესრულების სტატუსის მიმოხილვა“
2021 წლის 10 მარტს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან თანამშრომლობით და ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით ონლაინ პრეზენტაცია გამართა, რომელზეც საქართველოს მიერ გენდერული მეინსტრიმინგის კუთხით აღებული საერთაშორისო ვალდებულებები შეაფასეს და საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მიერ შემუშავებული კვლევა წარმოადგინეს.
კონფერენციაზე მისასალმებელი სიტყვით გამოსვლისას საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ მოკლედ მიმოიხილა კვლევის მიგნებები და გენდერული მეინსტრიმინგის საკითხები. „გენდერული მეინსტრიმინგი გულისხმობს ქალების და კაცების წინაშე არსებული გამოწვევების, მათი გამოცდილების და საჭიროების ასახვას სახელმწიფო პოლიტიკის ყველა სფეროში, იქნება ეს ეკონომიკა, ჯანდაცვა, თავდაცვა თუ განათლება. ჩვენი მთავარი კრიტიკაც, გენდერული თანასწორობის და ქალთა უფლებების საკითხებზე საუბრისას, სწორედ მსგავსი მიდგომების სიმცირეს, ხშირად ფრაგმენტულ რეაგირებას და სისტემური ხედვის არარსებობას უკავშირდება.“
კონფერენციაზე მისასალმებელი სიტყვით გამოვიდნენ ასევე გაეროს მუდმივი კოორდინატორი საქართველოში საბინე მაჰლი, საქართველოს პარლამენტის წევრი ნინო წილოსანი და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა სამდივნოს უფროსი მაკა ფერაძე. ექსპერტმა ლიკა ჯალაღანიამ საქართველოს მიერ გენდერული მეინსტრიმინგის მიმართულებით აღებული საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების სტატუსი შეაფასა და დამსწრე საზოგადოებას კვლევის ძირითადი მიგნებები გააცნო.
კვლევამ გამოავლინა, რომ მიუხედავად გენდერული თანასწორობის მიმართულებით ბოლო წლებში განხორციელებული პროგრესისა, ქვეყანაში არსებული გენდერული პოლიტიკა ვერ უზრუნველყოფს ვერც ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის ზრდას, ვერც ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის შემთხვევებზე უწყებების კოორდინირებულ მუშაობას და ფემიციდის პრევენციას. ასევე პრობლემად რჩება სახელმწიფო პოლიტიკისა და ბიუჯეტირების პროცესში გენდერული მეინსტრიმინგის განხორციელება და მონიტორინგი.
მიუხედავად საერთაშორისო დოკუმენტებით ნაკისრი ვალდებულებებისა, კვლავ არ შემუშავებულა შესაბამისი მექანიზმები, რომელიც განათლების, ეკონომიკის, დასაქმებისა და სხვა სფეროებში გენდერული მეინსტრიმინგის ინტეგრირებას მოახდენდა. ამ პროცესში სახელმწიფოს არ აქვს კომპლექსური ხედვა და გენდერული პოლიტიკა ხშირად ზედაპირული და წერტილოვანია.
ონლაინ პრეზენტაციას მოდერაცია გაუწია საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილემ ეკატერინე სხილაძემ. შეხვედრას სამთავრობო და არასამთვრობო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.