ახალი ამბები

2020 წლის 23 ოქტომბერს სახალხო დამცველმა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტს ბავშვის უფლებათა საკითხებზე კომუნიკაცია წარუდგინა

2020 წლის 23 ოქტომბერს საქართველოს სახალხო დამცველმა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტს საქმეზე .. და სხვები საქართველოს წინააღმდეგ ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების მდგომარეობის შესახებ კომუნიკაცია წარუდგინა.[1]

ევროპულმა სასამართლომ აღნიშნულ საქმეში დაადგინა, რომ ბავშვები არ იყვნენ სათანადოდ ჩართულნი სამართალწარმოებაში ეროვნულ დონეზე და ეროვნულმა სასამართლოებმა ვერ შეძლეს ბავშვების საუკეთესო ინტერესების სათანადო დაცვა.

ევროპულმა სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში პრობლემურად მიიჩნია სოციალური მუშაკების სამართალწარმოებაში მონაწილეობის როგორც სამართლებრივი ფორმა - დაინტერესებული პირის სტატუსით, ასევე ფორმალური ხასიათი, რომელიც ვერ უზრუნველყოფდა ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცვას.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობამ მიმდინარე წლის ივლისში წარდგენილი ანგარიშით მინისტრთა კომიტეტს საქმის დახურვა მოსთხოვა, იმ საფუძვლით, რომ სახელწმიფომ შეასრულა ყველა ინდივიდუალური და ზოგადი ღონისძიება აღნიშნული საქმის აღსასრულებლად.

სახალხო დამცველმა კომუნიკაციით კრიტიკულად შეაფასა ის ზოგადი ღონისძიებები, რაც მთავრობამ განახორციელა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი დარღვევების აღმოფხვრის მიზნით. კერძოდ, ხაზი გაუსვა სამოქალაქო საპროცესო კოდექსსა და ბავშვის უფლებათა კოდექსს შორის არსებულ კოლიზიას საქმის განხილვაში მცირეწლოვნის ჩაბმის შესაძლებლობასთან დაკავშირებით და ასევე, „სოციალური მუშაობის შესახებ“ საქართველოს კანონის ხარვეზებსა და მისი სამოქმედო გეგმის განხორციელების პროცესში არსებულ პრობლემებს, რომელიც აფერხებს ქვეყანაში სოციალური მუშაკების წინაშე არსებული სისტემური გამოწვევების აღმოფხვრას.


[1] კომუნიკაცია მომზადდა გადაწყვეტილებებისა და მორიგებების აღსრულებაზე ზედამხედველობის შესახებ კომიტეტის წესების მე-9(2) მუხლის საფუძველზე.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)