ახალი ამბები

2016 წლის საპარლამენტო ანგარიშის რეკომენდაციები სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზებისთვის

2016 წელს სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზების თვალსაზრისით გამოვლენილი ხარვეზები აჩვენებს, რომ მართლმსაჯულების რეფორმის გაგრძელება აუცილებელია.

მიუხედავად რეფორმის მესამე ტალღის ფარგლებში მიღებული რიგი დადებითი ცვლილებებისა, სამწუხაროა, რომ კვლავ უცვლელი დარჩა პროცედურა, რომელიც სასამართლოს თავმჯდომარის/პალატისა და კოლეგიის თავმჯდომარის დანიშვნის უფლებამოსილებას იუსტიციის უმაღლეს საბჭოს უტოვებს; იგივე უნდა ითქვას იმ რეგულაციასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვით, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს საერთო სასამართლოების 9 მოსამართლე წევრიდან 5 წევრი შესაძლებელია პარალელურად იყოს კოლეგიის, პალატის ან სასამართლოს თავმჯდომარე/თავმჯდომარის პირველი მოადგილე/მოადგილე. იუსტიციის უმაღლეს საბჭოში თავმჯდომარეების ასეთი მაღალი წარმომადგენლობა მათ ხელში ძალაუფლების კონცენტრაციის საფრთხეს წარმოშობს და სასამართლო თანამდებობის პირების მიერ შეთავსებით რამდენიმე თანამდებობის დაკავება ზრდის მოსამართლეთა შორის არსებულ იერარქიას.

წინგადადგმული ნაბიჯია საერთო სასამართლოებში საქმეთა განაწილების ელექტრონული წესის კანონმდებლობაში ასახვა, თუმცა, აუცილებელია არ მოხდეს მისი ამოქმედების გადავადება.

საანგარიშო პერიოდში სახალხო დამცველმა შეისწავლა თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარისა და კოლეგიის თავმჯდომარის თანამდებობიდან გათავისუფლების კანონიერების საკითხი და გამოავლინა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების კანონშეუსაბამობა, რაც მართლმსაჯულების ამ მნიშვნელოვანი ორგანოს მუშაობის ხარვეზებს კიდევ ერთხელ ნათლად წარმოაჩენს.

გასული წლების მსგავსად 2016 წელს კვლავ მნიშვნელოვან პრობლემად რჩება თბილისის და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოებში საქმის განხილვის არაგონივრულად გაჭიანურება და სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევა.

მხარეთა თანასწორობის პრინციპი დაირღვა ე.წ. „ციანიდის საქმეზე“, სადაც პროკურატურამ დაცვის მხარეს ინფორმაციის გაუმჟღავნებლობის ვალდებულება დააკისრა, მაშინ როცა თავად ბრალდება საქმესთან დაკავშირებით სხვადასხვა დეტალებს ახმოვანებს, რითიც არათანასწორ მდგომარეობაში აყენებს ბრალდებულს.

საანგარიშო პერიოდში ნათლად გამოჩნდა საერთო სასამართლოების მიერ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებების იმპლემენტაციის პრობლემები, როდესაც საერთო სასამართლოები საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების მხოლოდ სარეზოლუციო ნაწილს ითვალისწინებენ და მოტივაციასა და განმარტებებს უყურადღებოდ ტოვებენ.

სახალხო დამცველმა საკონსტიტუციო სასამართლოს არაგანჭვრეტადი მუხლის კონსტიტუციურობის შეფასების მიზნით, სასამართლოს მეგობრის მოსაზრებით მიმართა. კერძოდ, ე.წ. „კაბელების“ საქმის შესწავლის შედეგად სახალხო დამცველმა მიიჩნია, რომ გაფლანგვის საკანონმდებლო ნორმა არ არის განჭვრეტადი და ფართო ინტერპრეტაციის შესაძლებლობას იძლევა.

სახალხო დამცველი საპროცესო კანონმდებლობის განუხრელ დაცვასა და მოწმეთა ნებაყოფლობითი გამოკითხვის დანაწესის უზრუნველყოფას ითხოვს, რადგან საანგარიშო პერიოდში გამოვლინდა შემთხვევები როცა მოწმეები პოლიციელების მხრიდან მათ იძულებით გამოკითხვაზე მიუთითებდნენ.

საანგარიშო პერიოდში ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით ჩატარებული საქმეების შესწავლის შედეგად დაფიქსირდა პრაქტიკასა და კანონმდებლობაში არსებული მნიშვნელოვანი ხარვეზები. იყო შემთხვევა, როცა სასამართლო სხდომაზე წესრიგის დარღვევამ დააზიანა ბრალდებულის პატივი და ღირსება, დაირღვა ბრალდებულის პირადი ცხოვრების შემცველი ინფორმაციის კონფიდენციალობა. დადგინდა, რომ არ არსებობს მექანიზმი, რომელიც ნაფიც მსაჯულებს დაიცავს საზოგადოებისა და მედიის ზეწოლისგან; კანონმდებლობა არ ითვალისწინებს ნაფიც მსაჯულთა ვერდიქტის კანონიერების საკმარის გარანტიებს და ნაფიც მსაჯულთა თვითნებობის რისკი საკმარისად არ არის შეზღუდული.

სამართლიანი სასამართლოს უფლების არაერთი დარღვევისა და ხარვეზის აღმოფხვრის მიზნით, სახალხო დამცველმა რეკომენდაციებით მიმართა საქართველოს პარლამენტს, საერთო სასამართლოებს, საქართველოს პროკურატურას, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს.

12.04.17


სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)