20 ივნისი ლტოლვილთა საერთაშორისო დღეა
ლტოლვილთა საერთაშორისო დღე გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის N55/76 რეზოლუციის მიღების დღიდან აღინიშნება, რათა განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდეს იმ მოწყვლადი კატეგორიის პირებზე, რომლებიც იძულებული გახდნენ დაეტოვებინათ საკუთარი ქვეყანა კონფლიქტებისა და ადამიანის უფლებების დარღვევის გამო.
მსოფლიოში დაახლოებით სამოცდახუთ მილიონამდე იძულებით ადგილნაცვალი პირია, მათ შორის ოც მილიონზე მეტი ლტოლვილია, რომლებიც იძულებული გახდნენ დაეტოვებინათ წარმოშობის ქვეყანა და თავშესაფარი მოეთხოვათ უცხო სახელმწიფოებში. მსოფლიოში განვითარებული მოვლენების მსგავსად, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში საქართველოშიც იზრდება თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი, რომელმაც პიკს 2014-2015 წლებში მიაღწია. დღეისათვის საქართველოში 1500-მდე პირი სარგებლობს ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსით. მათი უმრავლესობა რუსეთის, ერაყის, უკრაინის და სირიის მოქალაქეები არიან.
ლტოლვილთა და თავშესაფრის მაძიებელთა უფლებების დაცვა სახალხო დამცველის აპარატის საქმიანობის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. „ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა მდგომარეობის შესახებ“ სახალხო დამცველის ყოველწლიურ ანგარიშში, თავშესაფრის მაძიებელთა და საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა უფლებრივი მდგომარეობა ცალკე თავში მიმოიხილება. ყურადღება გამახვილებულია, როგორც დადებით, ასევე უარყოფით ტენდენციებზე, რომლებიც იკვეთება სახალხო დამცველის საქმიანობის დროს აღნიშნულ პირთა უფლებების მონიტორინგისას.
თავშესაფრის უფლება ადამიანის უფლებათა სამართლით გარანტირებული უფლებაა. შესაბამისად, მნიშვნელოვანია სახელმწიფოს მხრიდან დაცული იყოს ლტოლვილთა და თავშესაფრის მაძიებელ პირთა საერთაშორისო და ეროვნული კანონმდებლობით აღიარებული უფლებები.
საქართველოს სახალხო დამცველი უერთდება ლტოლვილთა საერთაშორისო დღის აღნიშვნას და იმედს გამოთქვამს, რომ უზრუნველყოფილი იქნება ლტოლვილთა და თავშესაფრის მაძიებელ პირთა საერთაშორისო დაცვა და მათი პრობლემების მოგვარების გრძელვადიანი გადაწყვეტილებების ხელშეწყობა.