20-21 ივნისს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების სავარაუდო გადამეტების ფაქტზე მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის შესწავლის პროცესში სახალხო დამცველის საკონსულტაციო საბჭოს მეორე შეხვედრა
2019 წლის 18 სექტემბერს საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილეები გიორგი ბურჯანაძე და თამარ გვარამაძე საკონსულტაციო საბჭოს წევრებს შეხვდნენ და 20-21 ივნისს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების სავარაუდო გადამეტების ფაქტზე მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის შესახებ აპარატის ხელთ არსებული ინფორმაცია მიაწოდეს.
საქმის მასალების შესწავლის მიზნით, სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა 35 ვიზიტი განახორციელეს პროკურატურაში, ეცნობიან გამოკითხვის მასალებს, სწავლობენ დოკუმენტაციას. გიორგი ბურჯანაძის ინფორმაციით, გამოძიებას უკვე გამოკითხული ყავს 550–ზე მეტი მოწმე, მათ შორის ის პირები, რომლებიც უშუალოდ ისროდნენ რეზინის ტყვიებს.
სახალხო დამცველის აპარატი ეროვნული და საერთაშორისო კანონმდებლობისა და პრაქტიკის შესწავლით ცდილობს დაადგინოს, ხომ არ იკვეთება სამართალდარღვევა შსს-ს იმ თანამშრომელთა მხრიდან, რომლებიც აცხადებენ, რომ რეზინის ტყვიებს შესაბამისი ბრძანების გარეშე, საფრთხის თავიდან ასაცილებლად ისროდნენ; და რამდენად შეესაბამება მოქმედ კანონმდებლობას მსგავს ქმედებაზე ინდივიდუალური გადაწყვეტილებების მიღება.
უახლოეს დღეებში სახალხო დამცველი საქართველოს პროკურატურას დამატებითი წინადადებებით მიმართავს. მათ შორის იქნება იმ რაციებისა და საკომუნიკაციო საშუალებების ჩანაწერების ამოღების რეკომენდაცია, რომლებიც მონაწილეობდნენ საგამოძიებო პროცესში. „ჯერჯერობით მხოლოდ მმართველი რგოლის მიერ გაცემული ბრძანებებია ამოღებული, თუმცა, მართებულად მიგვაჩნია შუალედური რგოლების მიერ მიღებული ინსტრუქციების ქვედა რგოლისთვის გადაცემის პროცესზე დაკვირვება, რათა სრულყოფილად იქნას შესწავლილი ის რა სახის ბრძანებები იქნა გაცემული და ეს ბრძანებები როგორ მივიდა უშუალო შემსრულებლებამდე, – განაცხადა გიორგი ბურჯანაძემ.
* * *
2019 წლის 20-21 ივნისს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების სავარაუდო გადამეტების ფაქტზე პროკურატურაში მიმდინარე გამოძიებაში სახალხო დამცველი საზედამხედველო ფუნქციით 2 ივლისიდან არის ჩართული. ამ ეტაპისთვის 35 ვიზიტი განხორციელდა საქართველოს გენერალურ პროკურატურაში საქმის მასალების გაცნობის მიზნით.
მონოტორინგის ეფექტიანობისა და გამჭვირვალობის მიზნით სახალხო დამცველმა სხვადასხვა ჯგუფების, არასამთვრობო ორგანიზაციებისა და პროფესიული წრეების წარმომადგენლებისგან შემდგარი საკონსულტაციო საბჭო შექმნა, რომელთანაც პერიოდულად გამართავს შეხვედრებს.