განცხადება ადამიანის რწმენისა და აღმსარებლობისთვის ხელის შეშლის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად გამოცხადებასთან დაკავშირებით
საქართველოს პარლამენტში შესულია კანონპროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“, რომელიც ითვალისწინებს კოდექსისთვის ახალი 1691 მუხლის დამატებას. აღნიშნული მუხლი სამართალდარღვევად აცხადებს ადამიანის რწმენისა და აღმსარებლობისთვის ხელის შეშლას.
მნიშვნელოვანია იმის ხაზგასმა, რომ უშუალოდ ღვთისმსახურების ან/და სხვა რელიგიური წესისა თუ ჩვეულების აღსრულებისათვის უკანონოდ ხელის შეშლის და რელიგიური შენობების ან სხვა სიწმინდეების დაზიანების გარდა, კანონპროექტი კრძალავს რელიგიასთან დაკავშირებული ქმედებების ძალიან ფართო სპექტრს:
· რელიგიური სიწმინდეების, რელიგიური ორგანიზაციის, ღვთისმსახურის ან მორწმუნის მიმართ სიძულვილის საჯაროდ გამოხატვას ან/და სხვაგვარ დამამცირებელი ქმედებას, რაც მიზნად ისახავს მორწმუნეთა რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფას;
· რელიგიური შუღლის და სიძულვილის საჯაროდ გამოხატვას ან/და ამგვარი ქვედებისკენ საჯაროდ მოწოდებას;
საქართველოს სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ ამგვარი ნორმა, როგორც შინაარსობრივად, ისე ფორმის თვალსაზრისით, ცალსახად წინააღმდეგობაში მოდის გამოხატვის თავისუფლებასთან, ეწინააღმდეგება სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპიდან გამომდინარე კანონის განჭვრეტადობის მოთხოვნას და საბოლოო ჯამში, განსაკუთრებულ საფრთხეს უქმნის დემოკრატიულ განვითარებას, მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მძლავრი, საზოგადოებრივი დისკუსიის განადგურების უნარის გამო.
შემოთავაზებული ფორმულირებით პირის გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის ერთადერთი კრიტერიუმია „მორწმუნეთა რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა“, რაც სრულიად მოკლებულია ობიექტური შეფასების შესაძლებლობას და ერთი ადამიანის გამოხატვას მთლიანად მეორე ადამიანის – მორწმუნის კონტროლის ქვეშ აქცევს, რასაც პრაქტიკულად აქვს მორწმუნეებისთვის პრივილეგიის მინიჭების ეფექტი.
დამატებით, შესაბამისმა სახელმწიფო უწყებებმა, აღასრულებენ რა კანონს, ამ ნორმის საფუძველზე უნდა შეაფასონ რა შეიძლება იყოს „შეურაცხმყოფელი მორწმუნის გრძნობებისთვის“, რაც ამ ორგანოებს თვითნებობის ფართო შესაძლებლობას მიანიჭებს.
ამასთან, „გრძნობების შეურაცხყოფა“ თავისთავად არ გამოდგება ფუნდამენტური უფლების შეზღუდვის საფუძვლად. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ განაცხადა, რომ „პოზიციის, ფასეულობების, იდეების მიუღებლობა არ შეიძლება გახდეს ... გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის საფუძველი. სახელმწიფო ვალდებულია, დაიცვას ობიექტურად იდენტიფიცირებადი ინტერესები, მაგრამ არა სუბიექტური გრძნობები.“ (საქართველოს მოქალაქეები – გიორგი ყიფიანი და ავთანდილ უნგიაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, 1/3/421,422, 10 ნოემბერი, 2009, პარ. II.7).
რუსეთში, სისხლის სამართლის კოდექსში მორწმუნეთა რწმენისა და გრძნობების შეურაცხყოფის აკრძალვისთვის ცვლილების შეტანასთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა დამცველმა ორგანიზაციამ „Article 19“ განაცხადა: „კანონი არ აკმაყოფილებს „კანონიერების“ მოთხოვნას, რადგან ის შეიცავს გადამეტებულად ფართო და ბუნდოვან სამართლებრივ ტერმინებს, როგორიცაა „რელიგიური რწმენისა და გრძნობების შეურაცხყოფა“, „რელიგიური მსახურების დამცირება“ და „რელიგიური ლიტერატურა“. ამ ტერმინების ბუნდოვანება და სუბიექტური ხასიათი შეიძლება საფუძვლად დაედოს თვითნებურ განმარტებას და ბოროტად გამოყენებას სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან.“ (Russia: Pussy Riot Inspired Blasphemy Law Threat to Free Expression, 01/7/2013). იგივე დასკვნა შეიძლება გავრცელდეს შემოთავაზებულ ნორმაზეც, რომელიც იდენტურ, ბუნდოვან კატეგორიებს შეიცავს, მაშინ როდესაც დამკვიდრებული სტანდარტის თანახმად, გამოხატვის თავისუფლების შემზღუდავი ნორმა უნდა იყოს „ნათელი და განჭვრეტადი და ვიწროდ მიზანმიმართული“ იმისთვის, რომ კონსტიტუციურად ჩაითვალოს. (საქართველოს მოქალაქეები – გიორგი ყიფიანი და ავთანდილ უნგიაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, 1/3/421,422, 10 ნოემბერი, 2009, პარ. II.7)
დამატებით, ნორმაში მოყვანილია უფრო ფართო დებულება, როგორიცაა „რელიგიური შუღლისა და სიძულვილის საჯაროდ გამოხატვა ან/და ამგვარი ქმედებისკენ საჯაროდ მოწოდება.“ როგორც ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლო, ისე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მდგრადად ამკვიდრებენ სტანდარტს, რომ უვნებელი მოწოდებების აკრძალვა, რომლებიც საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან საკითხზე დებატის ნაწილია, არღვევს გამოხატვის თავისუფლებას.
თურქეთის წინააღმდეგ მიმართულ საქმეში, რომელიც ეხებოდა პირის გასამართლებას რელიგიის საფუძველზე სიძულვილის საჯაროდ გამოხატვის გამო, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა: „გამონათქვამები, რომლებიც ავრცელებენ, აქეზებენ ან ამართლებენ სიძულვილს, რომელიც ეფუძნება შეუწყნარებლობას, მათ შორის რელიგიურსაც, არ სარგებლობენ კონვენციის მე–10 მუხლის დაცვით. თუმცაღა, სასამართლო მიიჩნევს, რომ მხოლოდ შარიათის დაცვის ფაქტი, მის დასამყარებლად ძალადობისკენ მოწოდების გარეშე, ვერ ჩაითვლება „სიძულვილის ენად“. (გუნდუზი თურქეთის წინააღმდეგ, განაცხადი # 35071/97, 04.12.2003, პარ. 51 )
იგივე მიდგომას იზიარებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო: “მნიშვნელოვანია რომ კანონი, ისევე, როგორც მისი გამოყენების პრაქტიკა, განასხვავებდეს გამონათქვამებს, რომლებიც, ერთი მხრივ, შესაძლოა ძალადობის ენას შეიცავდეს, მაგრამ, ამავე დროს, უვნებელია და პოლიტიკური, სოციალური თუ სამეცნიერო დისკურსის ნაწილს წარმოადგენს, ხოლო, მეორე მხრივ, მოწოდებას, როდესაც მის ავტორს გააზრებული აქვს მოწოდების სავარაუდო შედეგი და მიზნად ისახავს ამ შედეგის დადგომას.“ (საქართველოს მოქალაქეები – ზვიად ძიძიგური და კახა კუკავა, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, მოქალაქეები დაჩი ცაგურია და ჯაბა ჯიშკარიანი, საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, 2/482,483,487, 502, 18 აპრილი, 2011, პარ. II.93).
ღია და დაუბრკოლებელი საჯარო განხილვა საზოგადოებისთვის აქტუალურ საკითხებზე დემოკრატიისთვის და მოქალაქეების მიერ თვითმმართველობის რეალური შესაძლებლობისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობის სიკეთეა. როდესაც გამოხატვის თავისუფლება იზღუდება სხვათა უფლებების დაცვის სახელით, მნიშვნელოვანია კონკრეტული გამოხატვის მნიშვნელობის გათვალისწინება საზოგადოებრივი დისკურსისთვის. საზოგადოებაში, სადაც რელიგიური ორგანიზაციები განსაკუთრებით ძლიერი და გავლენიანია, ძალიან მნიშნველოვანია, რომ ადამიანებს ქონდეთ ამ ორგანიზაციების, მათი წარმომადგენლების და მიმდევრების მიმართ საკუთარი, თუნდაც მიუღებელი აზრების გამოხატვის უფლება. ეს არის ერთადერთი შესაძლებლობა არამორწმუნეებისთვის, რომ მათთვისაც არსებობდეს კერძო და საჯარო სფეროში თვითრეალიზაციის შესაძლებლობა. შემოთავაზებული ნორმა ზღუდავს საზოგადოებაში ათეისტური შეხედულებების გამოხატვის შესაძლებლობას, მიუხედავად იმისა, რომ ათეიზმი ზუსტად იგივე დაცვით სარგებლობს, როგორც რაიმე რელიგიური მიმდინარეობა და ათეისტების შეხედულებები რელიგიის საკითხებზე სამართლებრივად იმავე წონის უნდა იყოს, როგორც სხვა მორწმუნეების შეხედულებები. ამ სტანდარტს ეს ნორმა ცალსახად უგულებელყოფს.
საზოგადოებაში პლურაზმის ხელშეწყობისა და განსხვავებული შეხედულებებისადმი პატივისცემის წახალისების ნაცვლად, შემოთავაზებულმა ნორმამ რელიგიურ გაერთიანებებსა და სხვადასხვა რწმენისა და შეხედულებების მქონე პირებს შორის წინააღმდეგობა შეიძლება გაამწვავოს.
იმის გათვალისწინებით, რომ შემოთავაზებული ნორმით მიღებული სიკეთე ძალიან საეჭვოა, გამოხატვის თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის მიყენებული ზიანი კი ერთმნიშვნელოვანი, ნორმა წარმოადგენს გამოხატვის თავისუფლების არაპროპორციულ შეზღუდვას და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის, აგრეთვე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციისა და ადამიანის უფლებათა სხვა საერთაშორისო აქტებით დადგენილ გარანტიებს. შესაბამისად, აღნიშნული საფრთხეების გამო საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტს მიმართავს უარი თქვას ამ ფორმისა და შინაარსის მქონე კანონპროექტის მიღებაზე.