17 ივლისი მართლმსაჯულების საერთაშორისო დღეა
სისხლის სამართლოს მართლმსაჯულების საერთაშორისო დღე ყოველი წლის 17 ივლისს აღინიშნება. ეს თარიღი თითოეულ ადამიანს შეახსენებს იმ მიზნებსა და საფრთხეებს, რომელთა გამოც 19 წლის წინ რომის სტატუტის მიღება და მუდმივმოქმედი სასამართლოს შექმნა გახდა აუცილებელი.
1998 წელს რომის სტატუტის მიღებით სახელმწიფოები შეთანხმდნენ, რომ კაცობრიობისთვის ცნობილი ყველაზე მძიმე დანაშაულები დაუსჯელი არ უნდა დარჩენილიყო. ომის დანაშაულების, ადამიანურობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების, გენოციდისა და აგრესიის ფაქტების გამოსაძიებლად და მართლმსაჯულების განსახორციელებლად სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო შეიქმნა.
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო ამჟამად ცხრა გამოძიებას აწარმოებს, რომელთაგან ერთ-ერთი 2008 წლის აგვისტოს შეიარაღებული კონფლიქტის დროს სავარაუდოდ ჩადენილი სამხედრო და კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების გამოძიებას შეეხება. სასამართლოს ისტორიაში ეს პირველი გამოძიებაა ევროპის ტერიტორიაზე. გამოძიების დაწყების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილებაში განსაკუთრებული ადგილი ეთმობა ქართველთა მიმართ შესაძლო ეთნიკურ წმენდასა და ცხინვალის რეგიონის მოსახლეობის ეთნიკური შემადგენლობის ხელოვნურ ცვლილებას.
აღსანიშნავია, რომ კომპლემენტარულობის პრინციპიდან გამომდინარე, სასამართლო მხოლოდ მაშინ იწყებს საქმის განხილვას, როდესაც შესაბამისი სახელმწიფო უარს ამბობს ან არაეფექტიანად ახორციელებს გამოძიებას. იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთის ფედერაციამ რომის სტატუტის იურისდიქცია დატოვა, აუცილებელია, საქართველოს ხელისუფლებამ სათანადოდ და ამომწურავად ჩაატაროს გამოძიება. ამ მიზნით გარკვეული ნაბიჯები გადაიდგა, თუმცა გამოძიების პრაქტიკული შედეგები ჯერ–ჯერობით უცნობია. დამატებით, მნიშვნელოვანია პროკურორის ოფისთან მჭიდრო თანამშრომლობა და ინფორმაციის სრულყოფილი მიწოდება.
ამასთან, მიმდინარე გამოძიება აგვისტოს ომით დაზარალებულთა ინტერესის დაცვის განსაკუთრებულ შესაძლებლობას წარმოადგენს. სასამართლოს წესდების შესაბამისად, დაზარალებულებს ეძლევათ ჩვენების მიცემის გზით პროცესში მონაწილეობის, იურიდიული წარმომადგენლობისა და კომპენსაციის მოთხოვნის უფლება. მათ აგრეთვე აქვთ უფლება გამოხატონ თავისი დამოკიდებულება და თვალსაზრისი პროცესის ყველა სტადიასთან დაკავშირებით. სახელმწიფომ ხელი უნდა შეუწყოს დაზარალებულთა კოორდინაციას და ყველა ღონისძიებას მიმართოს მათი უფლებების სრულყოფილი რეალიზაციისათვის.
სახალხო დამცველი უერთდება მართლმსაჯულების საერთაშორისო დღის სულისკვეთებას და იმედოვნებს, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო შეძლებს განახორციელოს ეფექტიანი მართლმსაჯულება მის იურისდიქციას დაქვემდებარებულ დანაშაულებზე, აღადგინოს სამართლიანობა და დაიცვას დაზარალებულთა უფლებები.