ახალი ამბები

16 დღიანი კამპანია გენდერული ძალადობის წინააღმდეგ

საქართველოს სახალხო დამცველი უერთდება 16 დღიან კამპანიას გენდერული ძალადობის წინააღმდეგ, რომელიც მსოფლიოს 187 ქვეყანაში 1991 წლიდან აღინიშნება და მიზნად ისახავს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის აღმოსაფხვრელად.

საქართველოში ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის მიმართულებით, კვლავ გამოწვევად რჩება შემთხვევათა დროული გამოვლენა და ეფექტური რეაგირება, ასევე, დახმარების ღონისძიებების სიმცირე, რაც ძალადობის უკიდურესი ფორმის, ფემიციდის მაღალ მაჩვენებელს განაპირობებს.

Covid-19 პანდემიის პირობებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქალებისა და გოგოების უფლებების დაცვა და მსხვერპლთა და დაზარალებულთა დახმარებისათვის განკუთვნილი ყველა სერვისის შეუფერხებელი ხელმისაწვდომობა. საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მიერ პანდემიის პერიოდში გამართული შეხვედრების დროს მიღებული ინფორმაციის ანალიზი ცხადყოფს, რომ დამძიმდა ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის პრევენციის, მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების მიმართულებით არსებული სისტემური გამოწვევები. გადაადგილებისა და კომუნიკაციის საშუალებების შეზღუდვამ და პირადი სივრცის არარსებობამ ქალები მოძალადეებთან მხარდაჭერის ეფექტიანი საშუალებების გარეშე დატოვა, რის შედეგადაც გაიზარდა ოჯახში ძალადობის რისკები და ამავდროულად შემცირდა ოჯახში ძალადობის შემთხვევათა გამოვლენის შესაძლებლობა.

სწორედ ამიტომ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სახელმწიფოს მხრიდან გაძლიერდეს დაცვის ღონისძიებებით უზრუნველყოფა, რათა მოხდეს ძალადობის დროული გამოვლენა, მსხვერპლთა დაცვა და დახმარება.

#იმოქმედეგენდერულიძალადობისწინააღმდეგ

#ერთადძალადობისწინააღმდეგ

#გავერთიანდეთძალადობისწინააღმდეგ

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)
გამოგზავნეთ შეტყობინება