სახალხო დამცველმა დევნილთა ახალი განსახლების ადგილების მონიტორინგი განახორციელა
საქართველოს სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს, გატარებულ იქნას შესაბამისი ღონისძიებები, რათა ქ.თბილისში, საყვირის ქ.#2–ში მდებარე შენობაში მცხოვრებ დევნილებს და ასევე ფოცხო–ეწერის დასახლებაში მყოფ დევნილებს შეექმნათ ადეკვატური საცხოვრებელი პირობები.
სახალხო დამცველის აპარატმა მონიტორინგი განახორციელა დევნილთა ალტერნატიული განსახლების ობიექტებში – წალენჯიხის რაიონის სოფ. ფოცხო–ეწერის საცხოვრებელ კორპუსებსა და ქ.თბილისში, საყვირის ქუჩაზე მდებარე შენობაში.
კერძოდ, 2010 წლის 17-18 აგვისტოს, საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენელი იმყოფებოდა ფოცხო-ეწერის დასახლებაში, სადაც ამ დროისათვის დევნილთა 13 ოჯახი ცხოვრობს. მიუხედავად იმისა, რომ დევნილთა საცხოვრებელი ფართები რეაბილიტირებულია, არსებობს გარკვეული პრობლემები. კერძოდ: დევნილებს არ მიეწოდებათ ელექტროენერგია და ბუნებრივი აირი, შენობაში დაზიანებულია იატაკი. ამასთან, დევნილები იმყოფებიან მძიმე სოციალურ პირობებში. მათ არ აქვთ საკვები პროდუქტები, მედიკამენტები, პირველადი მოხმარების საყოფაცხოვრებო ნივთები და ავეჯი.
ფოცხო-ეწერში მცხოვრებ დევნილთა შორის არიან მცირეწლოვანი ბავშვები. რამდენიმე დევნილს აქვს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები, რის გამოც ისინი მუდმივად საჭიროებენ ექიმის მეთვალყურეობას. უახლოესი სამედიცინო პუნქტი კი დასახლებიდან დაახლოებით 10 კილომეტრში მდებარეობს (კერძოდ, წალენჯიხის რაიონის სოფელ ჯვარში).
2010 წლის 14 ივნისს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელი აკვირდებოდა ქ.თბილისში, თვალჭრელიძის ქ.#2–ში მდებარე ამიერკავკასიის ჯარების სააფთიაქო სამმართველოს შენობიდან დევნილთა გამოსახლების პროცესს. აღნიშნულ შენობაში დევნილთა 38 ოჯახი ათი წლის განმავლობაში ცხოვრობდა. ამავე დღეს სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა მონიტორინგი განახორციელეს ქ.თბილისში, საყვირის ქ.#2–ში მდებარე შენობაში, სადაც იგეგმებოდა დევნილთა ჩასახლება. იმ დროისათვის შენობაში იყო მძიმე საცხოვრებელი პირობები. კერძოდ: დაზიანებული იყო სახურავი, არ იყო დამონტაჟებული სველი წერტილები, არ იყო ჩასმული კარ-ფანჯარა. ამასთან, შენობაში მიმდინარეობდა სარემონტო სამუშაოები. კერძოდ, შენობიდან გაჰქონდათ ნაგავი, ასევე იტიხრებოდა ოთახები და მონტაჟდებოდა სველი წერტილები. ადგილზე მყოფი მშენებლების მიერ მოწოდებული ინფორმაციით სარეაბილიტაციო სამუშაოები 2010 წლის ივნისში უნდა დასრულებულიყო.
2010 წლის 26 ივლისს სახალხო დამცველის აპარატმა კვლავ განახორციელა მონიტორინგი აღნიშნულ ობიექტზე. სამწუხაროდ, მიუხედავად იმისა, რომ დევნილთა შესახლებიდან უკვე დაახლოებით 2 თვე გავიდა, საყვირის ქუჩაზე მცხოვრები დევნილების საცხოვრებელი პირობები კვლავ მძიმე რჩება. ამასთან, დევნილთა განმარტებით, სარემონტო სამუშაოები შეჩერებულია.