საქართველოს სახალხო დამცველის განცხადება ფსიქიკური ჯანმრთელობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით
10 ოქტომბერს ფსიქიკური ჯანმრთელობის საერთაშორისო დღე აღინიშნება, რომლის მიზანია ფსიქიკური ჯანმრთელობის საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და გლობალურ დონეზე ძალისხმევის მობილიზება. წელს ფსიქიკური ჯანმრთელობის დღის თემა არის – „ფსიქიკური ჯანმრთელობა ადამიანის უნივერსალური უფლებაა.“
მიუხედავად გარკვეული ძვრებისა, საქართველოში ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვის უფლების თვალსაზრისით უამრავი გადაუჭრელი პრობლემა გვაქვს, რომელსაც ძირეული ცვლილებები ესაჭიროება. გამოწვევად რჩება ფსიქიატრიულ მომსახურებაზე ინფორმირებული თანხმობის ფორმალური ხასიათი. ასევე, პაციენტთათვის სრული ინფორმაციის მიწოდება მკურნალობის დეტალებზე, მათ უფლებებზე, მათ შორის, არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული მკურნალობის გასაჩივრების მექანიზმებზე.
სახალხო დამცველი წლებია საუბრობს ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისების არასაკმარის გეოგრაფიულ და ფინანსურ ხელმისაწვდომობაზე, დეინსტიტუციონალიზაციის ნელ ტემპზე და პაციენტთა ფსიქიატრიულ დაწესებულებებში ხანგრძლივი დაყოვნების არასწორ პრაქტიკაზე, თემზე დაფუძნებული, სტაციონარს მიღმა სერვისებისა და საცხოვრებლების ნაკლებობაზე, დაწესებულებების გაუმართავ ინფრასტრუქტურასა და არადამაკმაყოფილებელ სანიტარულ-ჰიგიენურ პირობებზე. ამას ემატება ადამიანური რესურსის სიმწირე, მკურნალობის პროცესში ინდივიდუალურ საჭიროებებზე დაფუძნებული მიდგომების დეფიციტი, სარეაბილიტაციო კომპონენტების ნაკლებობა, სომატურ ჯანმრთელობაზე არასაკმარისი ზრუნვა და გვერდითი ეფექტების არასათანადო ზედამხედველობა და მართვა, განსაკუთრებით, შმმ ქალთა რეპროდუქციული ჯანმრთელობის ჭრილში.
დღემდე პრობლემად რჩება ფსიქიკური ჯანმრთელობის მქონე პირებისა და მათი მხარდამჭერი ქსელის გაძლიერებაზე ორიენტირებული სერვისების ნაკლებობა.
ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით საზოგადოებაში სტიგმისა და სტერეოტიპების არსებობის მიუხედავად, ფსიქიკური ჯანმრთელობის განვითარების 2022-2030 წლების სტრატეგია სათანადოდ არ ფარავს ცნობიერების ამაღლების კომპონენტს.
სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ მოუწოდებს შესაბამის უწყებებს, გადადგან დროული და ქმედითი ნაბიჯები ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში არსებული პრობლემების საპასუხოდ.