ახალი ამბები

1 მაისი მშრომელთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეა

1 მაისი მშრომელთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეა. ამ დღეს კიდევ ერთხელ მსურს ყურადღება გავამახვილო დასაქმებულთა შრომითი უფლებების რეალიზაციისა და დაცვის კუთხით ქვეყანაში არსებულ ძირითად პრობლემებზე, რომლებიც დროულ მოგვარებას საჭიროებს.

საქართველოს სახალხო დამცველის 2015 წლის ანგარიშში განხილულია საქართველოს შრომის კანონმდებლობაში არსებული ხარვეზები. კერძოდ, შრომის კოდექსით არ არის განსაზღვრული დღიური სამუშაო საათების მაქსიმალური რაოდენობა და კვირაში სამუშაო დღეების რაოდენობა; არ არის დადგენილი ზეგანაკვეთური სამუშაო საათების მაქსიმალური დასაშვები ზღვარი; იმ დარგების ჩამონათვალი, რომელთა საქმიანობაც მოქცეულია სპეციფიკურ სამუშაო რეჟიმში[1] და სადაც სამუშაო დროის ხანგრძლივობა კვირაში შეადგენს 48 საათს, არის ძალიან ფართო; შრომის კანონმდებლობით არ არის განსაზღვრული შრომის მინიმალური ანაზღაურების ოდენობა, თუმცა აუცილებელია კანონმდებლის მიერ მოხდეს აღნიშნული საკითხის რეგულირება, რომ მოხდეს დასაქმებულთა დაცვა შრომის მიზერული ანაზღაურებისგან; საქართველოს შრომის კოდექსი არ იძლევა ამა თუ იმ პირის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძვლების ამომწურავ ჩამონათვალს, რაც დამსაქმებელს უტოვებს ფართო შეფასების და მოქმედების არეალს, ხოლო დასაქმებულისთვის წინასწარ არ არის განჭვრეტადი და ნათელი რა შეიძლება გახდეს მასთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძველი და სხვა.

შემაშფოთებელია ქვეყანაში შრომის უსაფრთხოების კუთხით არსებული მდგომარეობა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, 2015 წლის განმავლობაში სამუშაოს შესრულებისას დაშავებულთა რაოდენობა შეადგენს 82-ს, ხოლო გარდაცვლილთა რაოდენობა - 42-ს.[2] სისხლის სამართლის დანაშაულისათვის გამოძიება დაიწყო სულ 108 შემთხვევაში, აქედან, სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება შეწყდა 42 შემთხვევაში. სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო მხოლოდ 16 შემთხვევაში, საიდანაც საქმე სასამართლოში წარიმართა 10 შემთხვევაში. აღნიშნული სტატისტიკაც ცხადყოფს, რომ სისხლის სამართლის კუთხით ასეთ შემთხვევებზე რეაგირება არ არის დასაქმებულთა უფლებების დაცვის ეფექტური მექანიზმი. არსებული ვითარება დღის წესრიგში მწვავედ აყენებს შრომის პირობებსა და უსაფრთხოებაზე ზედამხედველობის განმახორციელებელი სახელმწიფო ორგანოს – შრომის ინსპექციის შექმნის აუცილებლობას, რომელიც უფლებამოსილი იქნება კანონის დარღვევის შემთხვევაში გამოიყენოს შესაბამისი სანქციები. მიუხედავად არაერთი ტრაგიკული შემთხვევისა, რომლებიც, ხშირ შემთხვევაში სწორედ შრომის უსაფრთხოების წესების დარღვევით არის გამოწვეული, მოცემულ საკითხზე სახელმწიფოს აქვს ინერტული დამოკიდებულება, რაც ცხადჰყოფს, რომ ხელისუფლება დღემდე სათანადოდ ვერ აცნობიერებს შრომის უსაფრთხოების დაცვის სასიცოცხლო მნიშვნელობას.

შრომითი უფლებების დაცვა პრობლემურია საჯარო სამსახურშიც. რიგ შემთხვევებში იკვეთება, რომ ჩატარებული კონკურსები და ატესტაციები ატარებს ფორმალურ ხასიათს და ამ საკითხებზე შესაბამისი ორგანოები სრულიად დაუსაბუთებელ გადაწყვეტილებებს იღებენ. ცალკეულ შემთხვევებში, მოხელეთა დაკავებული თანამდებობებიდან გათავისუფლება უკანონო და დაუსაბუთებელი იყო. ერთ შემთხვევაში გამოვლინდა სისტემური პრობლემა, როდესაც თანამშრომლების მიერ ზეგანაკვეთურად, მათ შორის უქმე დღეებში შესრულებული სამუშაო არ აღირიცხებოდა და ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურების ვალდებულება სრული სახით არ სრულდებოდა.

მნიშვნელოვანია სათანადო ყურადღება მიექცეს საქართველოს სახალხო დამცველის 2015 წლის ანგარიშში მოცემულ პრობლემატურ საკითხებს და საქართველოს პარლამენტმა და მთავრობამ მათ მოსაგვარებლად ეფექტური ღონისძიებები დროულად გაატარონ, რათა დაცული იყოს თითოეული ადამიანის შრომის უფლება ჩვენს ქვეყანაში.



[1] მთავრობის 2013 წლის 11 დეკემბრის N329 დადგენილება ,,სპეციფიკური სამუშაო რეჟიმის დარგების ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ“.

[2]საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2016 წლის 2 თებერვლის წერილი N255708.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)