სიახლეები

სახალხო დამცველის აჭარის რეგიონულ ოფისს ახალი შენობა აქვს

2024 წლის 26 სექტემბერს საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა აჭარის რეგიონული ოფისის ახალი შენობის გახსნის ღონისძიება გამართა. ღონისძიებას აჭარის მთავრობის ხელმძღვანელი, ასევე, სხვადასხვა სახელმწიფო ინსტიტუტებისა და რეგიონში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

„ახალი შენობა აჭარის მთავრობამ გადმოგვცა და დღეიდან საქართველოს მოქალაქეებს საშუალება ექნებათ კომფორტულ გარემოში მიაწვდინონ ხმა სახალხო დამცველს ადამიანის უფლებების დარღვევების შესახებ და მიიღონ იურიდიული კონსულტაცია“, - განაცხადა ლევან იოსელიანმა.

გახსნის ღონისძიებაზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ სახალხო დამცველის აპარატს ახალ შენობაში გადასვლა მიულოცა და შემდგომ საქმიანობაში წარმატება უსურვა.

ამ ეტაპზე სახალხო დამცველის აპარატის რეგიონული ოფისები 9 სხვადასხვა ქალაქში მდებარეობს. აჭარის რეგიონის ახალი ოფისი ბათუმში, ფიროსმანის #1ა-შია განთავსებული.

რეგიონული ოფისების შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ სახალხო დამცველის ოფიციალურ ვებგვერდზე www.ombudsman.ge

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)