სიახლეები

სახალხო დამცველი კახეთის რეგიონში მოქმედ სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და ქალთა უფლებადამცველებს შეხვდა

2024 წლის 8 ნოემბერს საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა, გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტის ფარგლებში, საკონსულტაციო შეხვედრა გამართა კახეთში მომუშავე სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და ქალთა უფლებადამცველებთან.

შეხვედრაზე სამოქალაქო ორგანიზაციების საჭიროებები და გამოწვევები, რეგიონში გენდერული თანასწორობის და ქალთა გაძლიერების კუთხით არსებული მდგომარეობა და სახალხო დამცველის ოფისსა და სამოქალაქო სექტორს შორის თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს.

სახალხო დამცველმა გენდერული თანასწორობის, ქალთა გაძლიერების და პოლიტიკაში ქალთა მონაწილეობის საკითხებზე ისაუბრა; ხაზი გაუსვა ბავშვობის ასაკში ქორწინების/ნიშნობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ფემიციდის კუთხით ქვეყანაში არსებულ გამოწვევებს და ამ მიმართულებით სახელმწიფო პოლიტიკის გააქტიურების საჭიროებას.

სახალხო დამცველის მოადგილემ ირინე ჩიხლაძემ შეხვედრის მონაწილეებს დეტალურად გააცნო სახალხო დამცველის მანდატი, გენდერული თანასწორობის მიმართულებით სახალხო დამცველის აპარატის მიერ გაწეული სამუშაო და სამომავლო გეგმები, ხაზი გაუსვა გენდერული თანასწორობის მიღწევისთვის სამოქალაქო სექტორის ჩართულობის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ სახალხო დამცველის აპარატი ამ მიმართულებითაც გააგრძელებს აქტიურ კოორდინაციას როგორც სამთავრობო, ისე სამოქალაქო ორგანიზაციებთან.

დისკუსიაზე წამოჭრილ საკითხთა შორის კახეთის რეგიონში ქალთა დაცვისა და დახმარების ხელშეწყობის პროგრამების სიმცირე, მოძალადის ქცევის კორექციის პროგრამაში ჩართვის წახალისების მექანიზმებისა და ქალთა ეკონომიკური გაძლიერება, მხარდამჭერი პროგრამების შექმნის აუცილებლობა, ასევე, გენდერულ საკითხებში სამართალდამცავი უწყებების წარმომადგენელთა მუდმივი გადამზადების საჭიროება დაისვა.

ღონისძიება გაეროს ქალთა ორგანიზაციის საქართველოს ოფისის ორგანიზებითა და ნორვეგიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)