საქართველოს სახალხო დამცველმა გაეროს უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის სამუშაო ჯგუფს ანგარიში წარუდგინა
2025 წლის 17 ივლისს საქართველოს სახალხო დამცველმა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წინაშე საქართველოს უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის მეოთხე ციკლისთვის ანგარიში წარადგინა. ალტერნატიული ანგარიში მიმოიხილავს ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებს შემდეგი მიმართულებებით: საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობა; სიცოცხლის უფლება; წამების, სასტიკი, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის პრევენცია და გამოძიება; ეროვნული უმცირესობები; ეკონომიკური და სოციალური უფლებები; გამოხატვისა და შეკრების თავისუფლება;
ანგარიშში სახალხო დამცველმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით არსებულ სისტემურ გამოწვევებზე, როგორიცაა: ქართულენოვანი განათლების აკრძალვა, უკანონო დაკავებებისა და პატიმრობის, „ბორდერიზაციის“, დე ფაქტო რეჟიმების მიერ გადაადგილების თავისუფლების თვითნებური შეზღუდვის პრაქტიკები, რაც თავის მხრივ აფერხებს ადგილობრივების ხელმისაწვდომობას ჯანდაცვაზე. ანგარიშში ხაზგასმულია ოკუპირებულ რეგიონებში საერთაშორისო ორგანიზაციების წვდომის აღდგენის აუცილებლობა.
სიცოცხლის უფლების კონტექსტში აღნიშნულია, რომ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ახალგორში ქართველების სავარაუდო წამებისა და მკვლელობის საქმეები ჯერ კიდევ არ არის სათანადოდ გამოძიებული და არავინ დასჯილა. ასევე, მიმოხილულია 2023 წელს, შოვში მომხდარი სტიქიური უბედურების დროს ადამიანთა გარდაცვალების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ხარვეზები .
ანგარიშში ხაზგასმულია სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან საპროტესტო აქციების დაშლის დროს სამართალდამცავთა მხრიდან განხორციელებული არასათანადო მოპყრობის პრაქტიკა და აღნიშნულ დანაშაულზე წარმოებული გამოძიებების არაეფექტიანობა.
ანგარიშში ყურადღება ეთმობა ასევე ეკონომიკური და სოციალური უფლებების დაცვის კუთხით არსებულ გამოწვევებს, გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების კუთხით არსებულ მდგომარეობას და სხვ.
გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს მიერ დაფუძნებული უნივერსალური პერიოდული მიმოხილვა მიზნად ისახავს გაეროს წევრ სახელმწიფოებში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის გაუმჯობესებას. აღნიშნული მექანიზმის ფარგლებში, გაეროს ყველა წევრ სახელმწიფოში ადამიანის უფლებათა დაცვასთან დაკავშირებით არსებული მდგომარეობა ყოველ 4-5 წელიწადში ერთხელ განიხილება.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს სახალხო დამცველი 2010 წლიდან აქტიურად თანამშრომლობს აღნიშნულ ადამიანის უფლებათა მექანიზმთან, როგორც პერიოდული ანგარიშების წარდგენით ასევე, უშუალოდ ადამიანის უფლებათა საბჭოს სესიებში მონაწილეობით.