ხარისხიან სამედიცინო მომსახურებაზე ხელმისაწვდომობის უფლება
2020 წლის მარტში საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის დასავლეთ საქართველოს სამმართველოს მიერ იდენტიფიცირებული იქნა თირკმლის ტერმინალური უკმარისობით დაავადებული და დიალიზის სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლე, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლენჯერში მცხოვრები დ. უ.-ს ‘’დიალიზისა და თირკმლის ტრანპლანტაციის სახელმწიფო პროგრამაზე“ მისწავდომობის პრობლემა (N4075/20 და N9307/20).
მიუხედავად იმისა, რომ მესტიის მუნიციპალიტეტის საავადმყოფოს გააჩნდა შესაბამისი სამედიცინო აღჭურვილობა და გამზადებული მედპერსონალი, პროგრამა მუნიციპალიტეტში არ ხორციელდებოდა. აღნიშნულის გამო, რამდენიმე პაციენტი იძულებული გახდა დაეტოვებინა მუნიციპალიტეტი და საცხოვრებლად გადასულიყო სხვა მუნიციპალიტეტში, ხოლო დ. უ. მომსახურეობას იღებდა რეგიონულ ცენტრში, ქალაქ ზუგდიდის სამედიცინო დაწესებულებაში.
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის სამოქალაქო, პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების დაცვის დეპარტამენტმა მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან. ამასთან, სახალხო დამცველის აპარატის დასავლეთ საქართველოს სამმართველომ ადგილზე ადვოკატირება გაუწია აღნიშნული საკითხის მოგვარებას. ასევე, დასავლეთ საქართველოს სამმართველომ საკუთარი ინიციტივით დაიწყო რეგიონებში „დიალიზისა და თირკმლის ტრანსპლანტაცის“ სახელმწიფო პროგრამის მისაწვდომობის საკითხის შესწავლა.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან კომუნიკაციის შედეგად გაირკვა, რომ სამინისტრო საქმის კურსში იყო აღნიშნული პრობლემის შესახებ. თუმცა, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მიერ განხორციელებულმა რეაგირებამ ხელი შეუწყო აღნიშნული პრობლემის მოგვარებას.
2022 წლის 2 მაისიდან მესტიის მუნიციპალურ საავადმყოფოში ამოქმედდა ‘’დიალიზისა და თირკმლის ტრანსპლანტაციის სახელმწიფო პროგრამა’’ და ბენეფიციარები უზრუნველყოფილი არიან სათანადო მომსახურებით.
აღნიშნულ საქმეზე იმუშავეს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის დასავლეთ საქართველოს სამმართველოს მთავარმა სპეციალისტმა ირინე გურჩიანმა და საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის სამოქალაქო, პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების დაცვის დეპარტამენტის მთავარმა სპეციალისტმა ვარლამ თუთბერიძემ.