განათლების უფლება
სახალხო დამცველის რწმუნებულებმა, ერთ-ერთი სკოლის მონიტორინგისას გამოავლინეს ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული ვალდებულებების შეუსრულებლობა, რასაც საფუძვლად გენდერულად სტერეოტიპული წარმოდგენები ქონდა. კერძოდ, შეხვედრისას მასწავლებლები მკაფიოდ აღნიშნავდნენ, რომ წინააღმდეგები იყვნენ ბიჭი მოსწავლეებისთვის მიეწოდებინათ ინფორმაცია ქალის სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესახებ საქართველოს ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული და საგნის სახელმძღვანელოებში მოცემული ინფორმაცია. ამავე მიდგომას იყენებდნენ გოგო მოსწავლეებთან მიმართებით, როდესაც საკითხი ეხება კაცების სექსუალურ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობას. აღნიშნულ თემებს ბავშვებს დამოუკიდებლად გასაცნობად აძლევდნენ. მათი განმარტებით, ამ საკითხებზე ბავშვებთან საუბარი არ უნდა ყოფილიყო მასწავლებლის კომპეტენცია და ბავშვებს მხოლოდ მშობლები უნდა ესაუბრებოდნენ. საჯარო სკოლაში დარღვევები დაფიქსირდა Covid-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით მიღებული რეგულაციების დაცვის კუთხითაც.
სახალხო დამცველის აპარატმა საკითხის შესწავლის მიზნით მიმართა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, რომელმაც გაიზიარა საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის პოზიცია და დაადგინა, რომ სკოლამ დაარღვია სწავლების ფორმასთან და სექსუალური ჯანმრთელობის საკითხების შესახებ სწავლებასთან მიმართებით „ეროვნული სასწავლო გეგმით“ და „მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსით“ დადგენილი ვალდებულებები. ამასთან, დარღვევები დადასტურდა Covid-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით მიღებული რეგულაციების დაცვის კუთხითაც.
საბოლოოდ, საჯარო სკოლას მიეცა მითითება, მოეხდინა რეაგირება დასკვნაში მითითებულ დარღვევებზე, გაეთვალისწინებინა აღნიშნული სკოლის შემდგომ საქმიანობაში და უზრუნველეყო სკოლის მიერ კანონმდებლობის მოთხოვნათა განუხრელად დაცვა. ასევე, სკოლის ადმინისტრაციამ და მასწავლებლებმა გაიარეს გადამზადება საქართველოს ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული რეპროდუქციული ჯანმრთელობის თემაზე.
აღნიშნული განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან უკავშირდება არასრულწლოვანთა, როგორც განათლების, ასევე, ჯანმრთელობის და გენდერულად სტერეოტიპული მოტივებით განპირობებული მიდგომებისგან მათი დაცვის საკითხებს, რაც ქვეყანაში მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება.
საქმეზე მუშაობდა სახალხო დამცველის აპარატის ბავშვის უფლებათა დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი ლიკა ღვინჯილია