ძალადობისგან, სტერეოტიპული მიდგომისგან დაცვა
არასრულწლოვანმა ნ.გ.-მ საქართველოს სახალხო დამცველის აპარატს მომართა განცხადებით, სადაც აღნიშნავდა მისი თანასკოლელების მიმართ სკოლის ადმინისტრაციისა და თავად დირექტორის მხრიდან განხორციელებულ სავარაუდო დისკრიმინაციულ, გენდერულად არასენსიტიურ, სტერეოტიპულ, ფსიქოლოგიურად ძალადობრივ მოქმედებებზე. ამასთან, ბავშვის განმარტებით, სკოლის ინფრასტრუქტურაც დაზიანებული იყო და ვერ პასუხობდა მოსწავლეთა საჭიროებებს.
განცხადების მიღების შემდგომ, სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომელი გაესაუბრა არასრულწლოვანს, მიაწოდა ინფორმაცია მისი უფლებებისა და იმ მოქმედებების შესახებ, რასაც სახალხო დამცველის აპარატი, მისი განცხადების შესწავლის პროცესში განახორციელებდა. ბავშვს განემარტა, რომ ნებისმიერ დროს, ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე, შეეძლო სახალხო დამცველის თანამშრომელთან დაკავშირება. ამასთან, რადგან საქმეში იკვეთებოდა ბავშვის მიმართ სკოლის ადმინისტრაციის მხრიდან შესაძლო ზეწოლის საფრთხე, მას დამატებით მიეწოდა ინფორმაცია, რას გააკეთებდა აპარატი მსგავსი ფაქტის პრევენციის მიზნით და მისი დადგომის შემთხვევაში, ბავშვის დასაცავად.
საქმეზე მუშაობისას სახალხო დამცველის აპარატმა მიმართა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტს და მოითხოვა ბავშვის მიერ განცხადებაში მითითებული ფაქტების შესწავლა. შედეგად კი, შიდა აუდიტმა სკოლას არაერთი დარღვევა დაუდგინა, როგორც დაწესებულების ფიზიკური გარემოს, ასევე, სკოლის სასწავლო პროცესის კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შეუსაბამოდ წარმოების საფუძველზე. გამოიკვეთა მოსწავლეების სახლში სახელმძღვანელოს არქონის ან ჩაცმულობის საფუძველზე, სახლში გარემოებები. ასევე, სექსისტური, სტერეოტიპული და დისკრიმინაციული მიდგომისა და საუბრის საფუძველზე, დადგინდა „სკოლის დირექტორის ეთიკის კოდექსის“ დარღვევაც. შედეგად კი სკოლის დირექციამ დაიწყო შიდა აუდიტის დასკვნასა და თავად ბავშვის განცხადებაში მითითებული პრობლემების გამოსწორება.
ამ პროცესში არასრულწლოვანს ხშირი კომუნიკაცია ქონდა სახალხო დამცველის თანამშრომელთან, ესაუბრებოდა იმ ღონისძიებების შესახებ, რომლებსაც სახელმწიფო უწყებები და სკოლა სახალხო დამცველის მიმართვის საფუძველზე, ახორციელებდნენ და იმ პოზიტიურ ცვლილებებზე, რაც ამის შედეგად დადგა. კომუნიკაციისას იკვეთებოდა, რომ შემთხვევაზე უწყებების ჩართვის შემდგომ ბავშვს გაუმყარდა იმის რწმენა, რომ სახალხო დამცველის აპარატი არსებითად მისი ინტერესების დასაცავად იმოქმედებდა და საკითხის შესწავლას პოზიტიური შედეგის დადგომამდე, არ დაასრულებდა. ამასთან, მას გაუმყარდა იმის რწმენა, რომ მას და სხვა არასრულწლოვნებს საკუთარი აქტიური ჩართულობით შეუძლიათ თავიანთი უფლებები დაცვა.
საქმეზე მუშაობდა სახალხო დამცველის აპარატის ბავშვის უფლებათა დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი ლიკა ღვინჯილია