ძალადობისგან დაცვა
არასრულწლოვანი ა.ჩ. სახალხო დამცველის რწმუნებულს სოციალური ქსელის „Facebook” მეშვეობით დაუკავშირდა და უამბო მის მიმართ განხორციელებული შესაძლო სექსუალური ძალადობის შესახებ. მათ შორის, არასრულწლოვანი აღნიშნავდა, რომ სრულწლოვანი პირისგან, სოციალური ქსელის მეშვეობით, იღებდა შეტყობინებებს და მუქარის შემცველ ტექსტებს.
ბავშვი იყო შეშინებული და ითხოვდა დახმარებას. თუმცა, არ უნდოდა, მომხდარის შესახებ ვინმეს, მათ შორის, ოჯახის წევრებს შეეტყოთ. ასევე, უარს აცხადებდა სოციალურ ქსელსა და მობილურის ნომერზე მიმოწერის გარდა, ყველა სხვა სახის კომუნიკაციაზე, რათა ოჯახის წევრებს არ გაეგოთ მისი საუბარი. ბავშვი განსაკუთრებით სენსიტიურად იყო განწყობილი სამართალდამცავი უწყებისადმი მიმართვაზე, არ უნდოდა, მათ თავად დაკავშირებოდა, აინტერესებდა, რა მოქმედებებს განახორციელებდნენ, რომელ სპეციალისტებთან მოუწევდა კომუნიკაცია და ისე თუ წარიმართებოდა ეს პროცესი, რომ მისი ოჯახის კონკრეტულ წევრებს არ გაეგოთ ყოველივე.
ბავშვს სოციალური ქსელში მიმოწერისას მასზე მორგებული ფორმით განემარტა, როგორ მიმდინარეობს გამოძიება, რა ვადები შეიძლება ქონდეს, რას საქმიანობს სოციალური მუშაკი და როგორ აფასებს ბავშვის მდგომარეობას. ასევე, როგორ იქნებოდა შესაძლებელი ამ პროცესში კონფიდენციალურობის დაცვა.
საქმეზე მუშაობის პროცესში სახალხო დამცველის აპარატმა მიმართა ყველა შესაბამის უწყებას და განსაკუთრებით გაამახვილა ყურადღება შემთხვევაზე მუშაობის პროცესში კონფიდენციალობის დაცვისა და ბავშვზე მორგებული მიდგომის გამოყენების აუცილებლობაზე.
სახელმწიფო უწყებების ჩართვის შემდგომაც ბავშვი განაგრძობდა აპარატის თანამშრომელთან მუდმივ კომუნიკაციას, აწვდიდა დეტალურ ინფორმაციას ყველა იმ მოქმედების შესახებ, რომელიც მისი მონაწილეობით განხორციელდა და საჭიროებისამებრ, იღებდა განმარტებებს და საჭირო ინფორმაციას. მიღებული ინფორმაციით, არასრულწლოვანს სახელმწიფო უწყებებისადმი გაუჩნდა ნდობა, თავი დაცულად იგრძნო და მომხდარის შესახებ თავად უამბო ოჯახის წევრებსაც.
უწყებების მხრიდან საკითხზე განხორციელდა კოორდინირებული და დროული მოქმედებები. არასრულწლოვანთან სატელეფონო კომუნიკაციისას კი გამოიკვეთა, რომ ბავშვს ქონდა განსაკუთრებული ნდობა სახალხო დამცველის აპარატისადმი და ასევე, მკვეთრად დადებითად განეწყო სხვა სახელმწიფო უწყებისადმი, რომლებსაც უფლება დარღვევის შემთხვევაში, დამოუკიდებლადაც, დაძაბულობის გარეშე მიმართავს.
საქმეზე მუშაობდა სახალხო დამცველის აპარატის ბავშვის უფლებათა დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი ლიკა ღვინჯილია