ბავშვის უფლებათა დეპარტამენტი

ძალადობის წახალისებაზე რეაგირება

სოციალურ ქსელში გავრცელდა მაუწყებლობის სფეროში ავტორიზებული პირის შპს „ალტ ინფოს“ გადაცემა „ალტ-ანალოგიის“ ჩანაწერი, სადაც გადაცემაში მონაწილე პირები უხამსი და უცენზურო ტერმინებით საუბრობდნენ და დადებით კონტექსტში წარმოაჩენდნენ ოჯახში, ქალთა და ბავშვთა მიმართ ძალადობას. პროგრამაში გამოყენებული იყო დისკრიმინაციული, ჰომოფობიური, სტიგმატიზებული და შეურაცხმყოფელი გამოთქმები, დადებით კონტექსტში იყო განხილული გენდერული სტერეოტიპები, სქესის ნიშნით დისკრიმინაციისა და ძალადობის მანკიერი პრაქტიკა. მათ შორის, გამოყენებული იყო ფრაზები: „ძალადობა არის რაღაც შემთხვევებში, არის ზრუნვის აუცილებელი ნაწილი...“, „...ბულინგი, ძალიან კარგი რაღაცაა, უმნიშვნელოვანესი რაღაცაა...“. გადაცემის მსვლელობისას აღნიშნული იყო, რომ არასრულწლოვნები სექსუალური ძალადობისგან მხოლოდ მაშინ იქნებოდნენ დაცულნი, თუ მშობელს მათი ცემის შესაძლებლობა ექნებოდა.[1]

შემთხვევაზე რეაგირების მიზნით, სახალხო დამცველის აპარატმა წერილობით მიმართა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას და მოითხოვა აღნიშნული საკითხის შესწავლა. საქმე განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო, რადგან განსახილველი იყო მაუწყებლის გამოხატვის თავისუფლება ბავშვის უფლებათა დაცვის კონტექსტში, მაყურებელთა უფლებები და რა შეიძლება, მიჩნეულ იქნეს უხამს, ჰომოფობიურ და დისკრიმინაციულ გამოთქმად.

საბოლოოდ, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ იმსჯელა, რომ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროგრამაში უხამსობის განთავსება ეწინააღმდეგება მაუწყებლის სრულწლოვანი და არასრულწლოვანი აუდიტორიის უფლებებს. ხოლო, პროგრამის მსვლელობისას გაჟღერებული მიმართვები და ტერმინები იყო უხამსი, განსაკუთრებულად მძიმედ შეურაცხმყოფელი და მასტიგმატიზებელი ფორმის. პროგრამაში ხდებოდა ბავშვზე ფიზიკური ძალადობის და ზოგადად ძალადობის გამართლება და დადებითად შეფასება. აღნიშნულით „ალტ ინფომ“ ეთერში განათავსა ადამიანის ძირითად უფლებათა შემლახავი პროგრამა, რის საფუძველზეც დაეკისრა პასუხისმგებლობა, როგორც სრულწლოვანი, ისე არასრულწლოვანი აუდიტორიის უფლებების დარღვევისთვის.

საქმეზე მუშაობდა სახალხო დამცველის აპარატის ბავშვის უფლებათა დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი ლიკა ღვინჯილია


[1] ცენზურის დაცვის მიზნით, არ არის ციტირებული გადაცემის მსვლელობისას გაჟღერებული სხვა შეურაცხმყოფელი, ჰომოფობიური და ძალადობრივი შინაარსის ფრაზები.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)