ძალადობისგან დაცვა
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომელს, ანონიმურობის დაცვის მოთხოვნით მიმართა პირმა და მიაწოდა ინფორმაცია არასრულწლოვნის მიმართ მშობლის მხრიდან განხორციელებულ სისტემატიურ ძალადობაზე. მშობელი ბავშვს ემუქრებოდა სისოცხლის მოსპობით, ძალადობდა მასზე, როგორც ფიზიკურად, ასევე, ფსიქოლოგიურად, მათ შორის, აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას. ბავშვს ეზღუდებოდა განათლების უფლებაც, რადგან მშობელი არ უშვებდა სკოლაში. ანონიმური წყაროს ინფორმაციით, მშობელი ბავშვის თანდასწრებით დაკავებული იყო გარყვნილი ქმედებით. ძალადობისგან თავის დაღწევის მიზნით, ბავშვს სახლიდან გაქცევა უნდოდა, რაც იცოდა მშობელმა და ამ საფუძვლით ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით.
ინფორმაციის მიღებისთანავე, საკითხის სიმწვავიდან გამომდინარე, უწყებებთან შესაბამისი კორესპონდენციების გაგზავნამდე, სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომელი დაუკავშირდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს წარმომადგენელებს. სამართალდამცავი უწყებების წარმომადგენლები მყისიერად გავიდნენ არასრულწლოვანის საცხოვრებელ მისამართზე, თუმცა ვერ მოიძიეს ოჯახი, რის შემდგომაც სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომელი დაუკავშირდა ანონიმურ წყაროს ბავშვის საცხოვრებლის კიდევ ერთხელ დაზუსტების მიზნით. აღნიშნულის საფუძველზე კი სამართალდამცავებმა შეძლეს ბავშვის მოძიება.
შემთხვევის შესწავლის შედეგად არასრულწოვანის მშობელი დააკავეს, ხოლო ბავშვი გადაყვანილ იქნა უსაფრთხო გარემოში, სადაც ამჟამადაც განაგრძობს ცხოვრებას. სახალხო დამცველის აპარატმა დამატებითი მიმართვა განახორციელა ბავშვთან ფსიქოლოგის ჩართვის უზრუნველსაყოფად და აპარატი ამჟამადაც გრძელდება არასრულწლოვნის უფლებრივი მდგომარეობის შესწავლა.
საქმეზე მუშაობენ სახალხო დამცველის აპარატის ბავშვის უფლებათა დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი ნატა ვარაზაშვილი და აღმოსავლეთ საქართველოს სამმართველოს მთავარი სპეციალისტი მურადხან გუსეინოვი