ძალადობისგან დაცვა
ბავშვმა საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომელს სოციალურ ქსელში გაუგზავნა სატელეფონო შეტყობინება, სადაც აღნიშნავდა, რომ იყო ოჯახში ძალადობის მსხვერპლი და ამ საფუძვლით მისი ოჯახის ერთ-ერთი წევრი უკვე იყო დაკავებული. არასრულწლოვანმა აღნიშნა, რომ მომდევნო დღეს აპირებდნენ მის სამართალდამცავ უწყებაში წაყვანას, რა დროსაც აიძულებდნენ სავარაუდო მოძალადის წინააღმდეგ მიცემული ჩვენების შეცვლას. ბავშვი განსაკუთრებით უარყოფითად იყო განწყობილი სამართალდამცავი უწყებისადმი და აცხადებდა, რომ სუიციდს ჩაიდენდა, თუ სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომელი მათ მიმართავდა. ბავშვი ასევე, უარს აცხადებდა სოციალური მუშაკისა და ფსიქოლოგის ოჯახში მისვლაზე. ითხოვდა, რომ დახმარებოდა სახალხო დამცველის აპარატი, თუმცა ინფორმაცია არ მიეწოდებინა რომელიმე უწყებისთვის და მისი ოჯახის წევრებისთვის.
საკითხის სიმწვავიდან გამომდინარე, სახელმწიფო უწყებებთან წერილობით კომუნიკაციამდე, სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლები დაუყოვნებლივ დაუკავშირდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს და სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს წარმომადგენლებს, მიაწოდეს ინფორმაცია შემთხვევებისა და ბავშვის პოზიციის შესახებ. კომუნიკაციისას განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა არასრულწლოვნის მდგომარეობის შესწავლის პროცესში კონფიდენციალობის დაცვის გადამწყვეტ მნიშვნელობაზე.
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის შესაბამისი მიმართვების საფუძველზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს წარმომადგენლების მხრიდან სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიებისა და ბავშვის მდგომარეობის მოკვლევის მიზნით, შესაბამისი ღონისძიებები, როგორც ბავშვის ასევე, მისი ოჯახის წევრებისა და თავად იმ პირებისთვის დაფარული ფორმით მოხდა, ვისი მოქმედებების მონიტორინგიც ხდებოდა.
საბოლოოდ, გამოვლენილი გამოწვევების საფუძველზე, ბავშვზე მორგებული ფორმით და მისი საუკეთესო ინტერესების შესაბამისად, განხორციელდა ბავშვის დაცვაზე, მათ შორის, ძალადობრივი გარემოდან გამოყვანაზე ორიენტირებული ღონისძიებები.
საქმეზე მუშაობდა სახალხო დამცველის აპარატის ბავშვის უფლებათა დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი ლიკა ღვინჯილია